Friday, January 31, 2014

ვენეცია


წვიმა ენარცხება ჩემს მტირალ ფანჯრებს,
ზამთარი გაილევა აჩრდილთა დევნაში,
ქალაქი ზმორებით კარიბჭეს აღებს
დრო რომ არ დავკარგოთ აისის ძებნაში.
ქურდივით იპარება ზღვა ვიწრო ქუჩებში,
არც კი ესალმება თავდახრილ გამვლელებს,
ყოველთვის ჩემთან ხარ, ამ მძიმე წუთებში,
როდესაც წვიმა სიმშრალით მასველებს.
დაბალი სახლების გაცვეთილ აივნებს,
სიძველით დაზნექილ უსახო დარაბებს
ჩრდილად მივყვები და თვალებს ვარიდებ
დარაბებს, რომლებიც გულდასმით ჩარაზეს.
უკვე ვეღარ უძლებ ჩარჩენილ სიავეს
გულში, რომ ფეთქდება ატომის ბომბივით,
ღმერთო მომკალი და გული დამიამე,
ან მახეტიალე უმიზნო მოგვივით.
რადგან შემომიჩნდა უმიზნო მანკია,
ქუჩაში ვერ შეხვდები მოტირალ პოეტებს,
ქალაქმა დამაფარა სიშავის მანტია,
ქარებსღა ვუმღერი გაცვეთილ სონეტებს.
ეს ლექსიც ჩაივლის წვიმისფერ მარტივით,
ჩვენღა შევრჩებით ნაცრისფერ ამინდებს..
განწყობაც იქამდეა ასეთი მარტივი
სანამდე პოეზია ხელში ჩამიგდებს.
წვიმა ენარცხება ჩემს მტირალ ფანჯრებს,
ზამთარიც გაილია აჩრდილთა დევნაში,
ქალაქი ჩარაზულ დარაბებს აღებს
დრო რომ არ დავკარგოთ აისის ძებნაში.

31 იანვარი 2014
ვენეცია




No comments:

Post a Comment