Sunday, January 5, 2014

          .............
გულო ან რისთვის ბაგუნობ,
სისხლო სად დაიარები,
ვიღას რა უნდა არგუნო
სუსტი ხარ, ნაიარები.
თუ კი სიახლეს ვერ გუობ
არავის არ ეამები.

         ...............
რადგან არაფერს მეუბნება გული საგულეს,
რადგან გადახდა უკვე წინათ, უკვე რაც იყო.
ასე გულდასმით ნუ დამალავ მკერდზე ამულეტს,
უკვე აღარ ვგრძნობ, უკვე გაქრა, ქარმა წაიღო.
და ყველაფერი რაც კი თმულა აქამდე სიახლის,
უფრო სიყალბის და უგულობის დიდი ბუდეა.
თან ველოდები როდის ამოთქვამს, როდის მიახლის,
ერთხელ ხომ უნდა გაცხარდე და გაახილო
ფართოდ თვალები, რადგან ვერაფრით ეგუები ამ ახალ პოზას
ტორეადორის,
თუმცა ამ პოზის სიყალბეს ისიც ამხელს, რომ
სირაქლემისას უფრო ჩამოგავს, უფრო მედროვის.
გარშემო მყოფებს რომ აამო, რომ მიახვედრო
და მათთან ყოფნა გაიადვილო ბევრი ყბედობით,
ყალბი ღიმილით, რომელიც სახეს ისე შერჩა
ისე შეახმა, როგორც სიკვდილი. ასე შენდობით,
როგორც ხალიჩა გახუნებული, ან კედლის ფარჩა
მიიზლაზნება ზანტი, მდინარის შლამივით .
შენ კი ტკივილი რაც ჩაყლაპე, რაც გულში დაგრჩა
ძარღვებში ფეთქავს, ფეთქავს, ფეთქავს, ფეთქავს გულივით

5 იანვარი 2014
ვენეცია




No comments:

Post a Comment