Friday, January 31, 2014

პოეზიის სონეტი


არ მწამს პოეზიის..
სადაც უნიჭობა ცაზე მაღალია
არ მწამს პოეზიის..
სადაც პოლიტიკა ისეთი ლაღია,
რომ მისტირიან საკუთარ იდიალებს.
არ მწამს პოეტების,
მათი აღმაფრენის, როდესაც ღრიალებს
დაგუბებული  ბოღმა სულის სონეტების,
აფრქვევს იდეებს და შენ გიზიარებს.

სონეტი I

მე იქ ვარ, სადაც აიშლება ბუნების ნოტები,
ლომებს შევაშინებ, ჩანჩქერებს უღრიალებ,
მე იქ ვარ, სადაც დაიმსხვრევა ეშაფოტები,
და ჩაყვითლებულ ლექსებს ქარს აუფრიალებ.
მწამს პოეზიის, სადაც ვნება ლექსზე მეტია,
სადაც პოეტი აჩრდილივით ქუჩას აჰკვრია,
ლექსების იქით რა მოხდება რომ სულ ერთია,
სადაც პოეტი ქრისტესავით ჯვარზე აკვრია.
არ წამს მედროვის სიყალბის და შიში ქარივით
მთებს შეახეთქა, თან იყვირა თავის სათქმელი.
არა იმათი რომ წუწუნებს, მოსთქვამს ქალივით
სად ერთადერთი სანუგეშო არის სასმელი.
და იმალება, შიში აკრთობს, ლექსებს ძალით წერს
და მხოლოდ ამით სიცოცხლეში მაღლა აიწევს.

სონეტი II

სად არიან ღამის მტეხლები, ბოღმა რომ ახრჩობთ,
რომ უმღერიან აისებს და ყვირიან ლექსებს.
ბოლო სასმისი მზის ამოსვლის ბოლომდე შესვეს,
ან კი მზის ნაცვლად პოეზია, ლექსი რომ ათბობთ.
სადღა არიან კიტა, ტიციანი, პაოლოს ჩრდილები,
თვითმკვლელთა პლეადა ცისფერ ყანწელების,
ხო.. სად არიან აჩრდილები განვლილი წლების?
ყვითელ ფურცლებზე გაცრეცილან, ნაჭამზე ჩრჩილების.
აქ კი ვინც დავრჩით ჩაგვითრია წუთისოფელმა,
დაგვახრჩო თავის ჭაობებში და მოგვისროლა,
იმედად შეგვრჩა ლექსები და ერთი გასროლა,
სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა ჩვენ სამყოფელმა.
რადგან სიცოცხლემ ჩვენ ასეთი ბედი გვარგუნა
ასე სოფელმა ყველას ნაცვლადაც, ჩვენ დაგვრთგუნა.

31 იანვარი 2014
ვენეცია


ვენეცია


წვიმა ენარცხება ჩემს მტირალ ფანჯრებს,
ზამთარი გაილევა აჩრდილთა დევნაში,
ქალაქი ზმორებით კარიბჭეს აღებს
დრო რომ არ დავკარგოთ აისის ძებნაში.
ქურდივით იპარება ზღვა ვიწრო ქუჩებში,
არც კი ესალმება თავდახრილ გამვლელებს,
ყოველთვის ჩემთან ხარ, ამ მძიმე წუთებში,
როდესაც წვიმა სიმშრალით მასველებს.
დაბალი სახლების გაცვეთილ აივნებს,
სიძველით დაზნექილ უსახო დარაბებს
ჩრდილად მივყვები და თვალებს ვარიდებ
დარაბებს, რომლებიც გულდასმით ჩარაზეს.
უკვე ვეღარ უძლებ ჩარჩენილ სიავეს
გულში, რომ ფეთქდება ატომის ბომბივით,
ღმერთო მომკალი და გული დამიამე,
ან მახეტიალე უმიზნო მოგვივით.
რადგან შემომიჩნდა უმიზნო მანკია,
ქუჩაში ვერ შეხვდები მოტირალ პოეტებს,
ქალაქმა დამაფარა სიშავის მანტია,
ქარებსღა ვუმღერი გაცვეთილ სონეტებს.
ეს ლექსიც ჩაივლის წვიმისფერ მარტივით,
ჩვენღა შევრჩებით ნაცრისფერ ამინდებს..
განწყობაც იქამდეა ასეთი მარტივი
სანამდე პოეზია ხელში ჩამიგდებს.
წვიმა ენარცხება ჩემს მტირალ ფანჯრებს,
ზამთარიც გაილია აჩრდილთა დევნაში,
ქალაქი ჩარაზულ დარაბებს აღებს
დრო რომ არ დავკარგოთ აისის ძებნაში.

31 იანვარი 2014
ვენეცია




Thursday, January 30, 2014

Venice and You

The feeling flowing and as a city,
Heart is beating into the veins.
I left my home but that's not so pity
as a wallet in pocket carrying my pains.
Came in city of shadows,
Witches in every corner,
Half beautiful widows
you meet over and over.
And silence in to you
Groves day by day.
City sucks all of you
But your soul stays.
Streets never show up,
Their real face
Feels, you've been thrown up
Through space to space.

Nothing is more beautiful
than your rainy eyes,
That devil, unfaithful
Shadows from a veil.
I choose my place
Close to your heart
and feeling I faced
are my souls art.
I don't know where I go
I don't know where I'm from
Only thing I know
Only thing I feel
There is my home
There is my will
Where you are yourself
Or place where you sleep.

30 January 2014

Monday, January 27, 2014

პროტესტი უფალს

დავდივარ გიჟად ქცეული
და ვარ უფალი თავის.
ჯოჯოხეთიდან გამოქცეული,
ჩემში კვლავ მხეცი ბღავის.

და უცაბედად ვიგრძენ,
რომ ვარ დარაჯი ღამის,
არ მწამს სამოთხის სიბრძნე,
არც უკვდავება წამის.

თუმც ვიცი გულთან არ დამაქვს
სიკვდილის ვაი–ვიში,
დიდი ხანია აღარ მაქვს
არარსებულის შიში.

2013 თბილისი

           .........

რევოლუცია არ იქნება! არა!
სისხლი დაღვინდა.
––ჩვენ სისხლი გვინდა განა?
ვნება გაღვივდა.
სიგიჟე არ იქნება, არა!
არც ვნებათა ღელვა.
––ეხ..  კი გვინდა, მაგრამ 
თავი დაგვანება.

გაქრა, დადინჯდა,
თვალები მინაბა,
თუმც ცოტა გაჯიქდა.
მერე თავი დადო 
უცხო სასთუმალზე
და თითქოს გაქრა,
თითქოს განქარდა
და რაც ვნება იყო
გავცვალეთ თუმანზე.

ცისკარი გაიყო,
დავრჩით მე და მზე,
თუმც სანამ ვიცოცხლბთ
ჩვენ ამ ქვეყანაზე,..
იქნება სიგიჟე,
მდუღარე ვნებები,
მოწოლა სისხლის,
დამსკდარი ვენები.
რევოლუციაც ალბათ იქნება,
მთებზე გადავლება
და სისხლად დაინთქმება
მდუღარე ვნება.

24 სექტემბერი 2013
ვენეცია

                    ..............

თქვენ ისევ აქ ხართ და ისევ მართობთ?
დამტოვეთ მარტო,
 დამტოვეთ მარტო
მე ჩემ ლექსებთან.
თქვენ ისევ აქ ხართ და ისევ მათბობთ,
ნება მიბოძეთ ვიკითხო, რატომ?
და სანამ გვიანი არ არის კიდევ
უბრალოდ წადით,
გულში რა გიდევთ?
როდემდე გინდათ რომ იყოთ ჩემთან
და გაიმწაროთ წუთისოფელი?
შეხედეთ ზეცას, ბუნების ფერთა
და გაზაფხულის კორიანტელი
სანამ გაივლის, სანამ გაივლის,
ახალგაზრდობის მკრთალი ნათელი.
სანამ სიბერე სისხლში დაივლის
და ნათელ ფერებს სულ მთლად განდევნის.
უბრალოდ წადით, არ გინდათ სევდა
და არც სიტყვების ფუჭად დახარჯვა.
მე მოვიგონებ, როგორ დამსდევდა
შენი თვალები, როგორ დამტანჯა..
უბრალოდ წადით,  არ მკითხოთ რატომ,
უბრალოდ წადით, დამტოვეთ მარტო.
დამტოვეთ მარტო,
მე ჩემს ლექსებთან.

27 იანვარი 2014
ვენეცია

Wednesday, January 22, 2014

                      ..............
შენს სურნელს აფრქვევს მთელი  ოთახი,
ხალიჩებს შერჩათ შენი ფეხის ხმა,
მომელანდება ისევ, ცოტა ხნით
შენი თვალები, შენი ნაზი თმა.

დაუმთავრებელ ლექსებს მოჰგავდა
დღეები თეთრი და უფერული,
უშენოდ გული რას არ მოსთქვამდა,
რას არ ამბობდა, ეს ხმა ველური.

დღეებიც უხმოდ მიიზლაზნება,
უფრო ჩამოჰგავს ბარის მდინარეს.
გული არ ფეთქავს, ღამის ზმანება
შორს შერჩენილა ეულ მინარეთს.

ვიწრო ქალაქის ღამის ჩრდილები
ისევ შორეულ მთვარეს გასჩრია,
ქალაქს, რომელსაც ვემორჩილები
შენ გგავს და შენი ხმა გააჩნია.

22 იანვარი 2014
ვენეცია


Monday, January 20, 2014

Only silence could describe your beauty,
Only sea could touch your nacked skin.
Silence. It's been my duty.
You have a goddess's skills.
I would lived in dreams
Dreams of your smell,
To love, each of your breath
and each of your look to me,
Been cause of my ill.
When you open your eyes
to see a colorful beauty of world,
You enjoy with its each move.
But have been said to me your words
have always been sharp as sword.
I cursed day,  have seen you,
Cause my days left, are few.

Friday, January 17, 2014

იერემა

                                  მოჰკვდია ბეჩავო იერემა,
                                             დასდევი სიღარიბის ჯოხი,
                                             მიწანიმც დაილოცვიან,
                                             შიშველი დაგიმალვნენ ხორცნი.

ეჰ, შენ რა გიჭირს იერემა,
დასდევი სიღარიბის ჯოხი, 
რამდენი ბედითი იარება
რომ ვერ უპოვნია ქოხი.
ეჰ, შენ რა გიჭირს იერემა?
შიშველი დაგეფარა ხორცი.
დამღალა ავბედითმა იარებმა
რაც რომ ტყუილად მოვცდი.
შენ მოკვდი ბეჩავო იერემა,
მოკვდი, აქ მაგით მორჩი.
იღბალიც შენთვის ტრიალებდა
შიშველი დაგიმალვნა ხორცი.
ეჰ, შენ რა გიჭირს იერემა,
დასდევი სიღარიბის ჯოხი.
აქეთ რამდენი ვიარე და
ვერ კი ვიპოვე ქოხი.

სექტემბერი 2013
ვენეცია
ამოვარდეს ლამის გული,
გონი, ძლივს რომ აჩერებს,
გონიც უკვე დაკარგული
სისხლს სიშმაგით ახელებს.
თქვენთან რა გამაჩერებს!?
გულმა გონი აყარა,
გონი გულს არ აჩერებს
დაბრუნდები? –– აბა რა!

ოქტომბრი 2013
ვენეცია
ღრუბლებს დაეკიდა წვიმის წვეთები
და სადღაც ჰორიზონტზე ლურჯად მოსჩანდა,
ანაზდად ამღვრეულნ მთვრალი ღმერთები
და ზაფხულის წვიმას ბოლო არ უჩანდა.
შენ კი თეთრი თმები გეყარა მღვრია ზღვაში
თვალები კი ზღვას თეთრად ღებავდნენ,
მე გიყურებდი, როგორც ბაღვაში,
ჩემი ჯარები კი შენ სამეფოს თელავდნენ.
მთვრალ ღმერთებს შევხვდები, გულს ორად გავიხლეჩ
საკუთარ მტერსაც კი გავიხდი მეგობრად.
მე მაშინ მღვრიე ზღვაში დავიხრჩე
შენი თვალები რომ ლურჯი ზღვა მეგონა.

აგვისტო 2013
ბათუმი

Thursday, January 16, 2014

უკვე დამთავრდა ყველაფერი, რაც იყო გუშინ
ახალს არაფერს ველოდები და ასე მარტივად,
რაღაც მძიმე და სევდიანი დაიხრჩო სულში,
რაღაცა ძველი, დავიწყებული ისევ ამტკივდა.

მე გავათენე ყველა ღამე და ღამეს ქარიანს,
ვუმღერდი ლექსებს გათენებას და მზის დაისებს,
ყველა სიზმარში გიკოცნიდი თვალებს ნამიანს,
და ჩემი სისხლით სანამ ქარი თასებს აივსებს,

ამ ყველა სტრიქონს შენ მოგიძღვნი და მძიმე თვალებით
მივაშტერდები ცის კამარის დიად ალიონს
მერე კი მოდგეს ჩემი სისხლით დასვრილ ხელებით
რამდენიც უნდა, სადღეგრძელო ქარმა დალიოს.

რადგან არ დარჩა ქვეყანაზე არც ერთი ფიქრი,
რადგან დაიმსხვრა ყველა სასმისი აქამდე იყო
და ყველა ფიქრი, რადგან უკვე ცისაკენ მიჰქრის
აქ კი რაც დარჩა, ყველაფერი ქარმა წაიღო.

ასე, დამთავრდა ყველაფერი, რაც იყო გუშინ
ახალს არაფერს ველოდები და ასე მარტივად,
რაღაც მძიმე და სევდიანი დაიხრჩო სულში,
რაღაცა ძველი, დავიწყებული ისევ ამტკივდა.

17 იანვარი 2014
ვენეცია



Monday, January 13, 2014

ზამთარი

"ზამთარი ვარდსა დააჭკნობს,
ფოთოლი ჩამოცვივაო,
ლამაზი ქალის თვალთაგან
ცრემლები წამოსცვივაო."

ისე გაიპარა შემოდგომა, რომ
სევდანარევ ფურცლებსღა შერჩათ,
ხეების ათასგვარი ფოთოლთცვენაც
უკვე წარსულში დარჩა.

განწყობაც ისეთივე მარტივია
როგორც ათასგვარი თეორემა,
დღეები უძრაობის ნაირი
და ასე, ყოველ დღე მეორდება.

13 იანვარი 2014
ვენცია






Sunday, January 12, 2014

ჩიქოვანს

არწივის გამოხედვა, თვალები ბუდეში ჩამძვრალა,
შუბლი დაჩორკნილი ფარული ნაღველით,
სიმაღლე ჩაპლინის, ღამე დამთვრალა,
მუშებთან უსვია ბლანტი თავკვერი.
დაბლა იყურება, ნაბიჯს ისე ადგავს,
იქ წარსულს ეძებს, განა სხვა რამე,
მიწაში ნაპოვნ ნივთს თვალს ისე დაადგამს,
თითქოს ექნებათ პირველი ღამე.
ეძებს მიწაში დამარხულ ნაკვალევს,
ხან თავხედია, ხან კი თავგასული.
მანამდე მოძებნის წინაპართ ნაკვალევს
თვითონ არ გახდება სანამ წარსული.

2011
თბილისი

ლაშარობა

არაგვში გაცრილა სევდა
მთიდან მოდენილი ბოღმის.
ეს ხმალი ქისტებს სდევდა...
ხმაური ისმის დოღის.
დროისგან დაგროვილი ჯავრი
ხევისბერს დარდად აწევს,
მარტოა ლაშარის ჯვარი,
მთების აკვანს კი არწევს.
მომღერლის გატყორცნილმა ლექსმა
ჭაუხი შეარხია მხრებში,
ფერხული შეკრეს ექვსმა,
თითქოს გადიჩეხნენ ხევში.
აქეთ დაბოღმილი ქნარი
ლექსებს ხმალივით ლესავს,
სტროფები თითქოს მთვრალი
გულს შხამის ქვაბში გესლავს.
საზღვრებს მოპარული ქალი
ვაჟმა კინწისკვრით გააგდო,
ერთი ჩაუკრა თვალი,
ლუდში მონეტა ჩააგდო.
მთებში ისმოდა ბორგვა,
დილას კი შერჩა ორი,
ღამენათევი თორღვა
შემოფლეთილი დოლით.

2011
ფშავი

ყველაფრით დაღლილს

ყველაფრით დაღლილს, ფიქრი მომერია,
უხეში აზრების ავარდნენ ზვირთები,
უაზროდ რითმებიც გამომელია,
ჭაღარა შემეპარა და თითქოს ვძვირდები.
ზმორების და მცონარების დადგა ხანი,
შენელებულ კადრებს ვლანდავ თითქოს,
უსაქმობის და ფიქრების გავხდი ხამი
და შენგანაც აღარაფერს ვითხოვ.
ამ ცხოვრებამ ყველაფერი მომიტანა,
დამაბერტყა თავის ავი ზნე,
შენი თავი ერთხელ კიდევ მომელანდა.
მომენატრეთ შენ და მწველი მზე.

მარტი 2012
თბილისი

თოვლი

ოთახის სიცივე ჩუმად ჩამაგონებს ლექსების წერას
შუა ოთახში ნაგვის გროვა,
              თითქოს რომ მოსწყდა საკუთარ კერას.
კვამლი სიგარეტის, ღრმად ჩასჯდომია უსახო პერანგს.
იმ ღამეს თოვდა.
ფანტელად ცვიოდა ზეცა მიწაზე,
შორს კი კრთოდა
მოგონებებში, შენი სინაზე.

ყველას უხაროდა პირველი თოვა,
ბავშვები ყიჟინით სითეთრეს წამლავდნენ.
იყო იმედი, რომ რაღაც გამოვა
და გულში ამ იმედებს მორცხვად მალავდნენ.
წამიც და გაყინა სითეთრემ კადრები,
რატომ ვებრძოდი სიჩუმის გუმანს?
თუ ამ ცხოვრებას არ ვეკადრები,
რისთვის ვწუხვარ, ან რისთვის ვბრუნავ.

ფიქრები ყველაფერზე, ამავდროს არაფერზე,
პირველი თოვლის თეთრი ზმანება,
მუშაობ ოფისში ნახევარ განაკვეთზე
და ხელის განძრევაც კი გეზარება.
ზეციდან თოვლად დაეშვა ფარდა,
არ მინდა ფიფქების ხელიდან გაშვება,
მაწუხებს ყველაფერი, ამ თოვლის გარდა
და სითეთრე, რომელიც წაბილწეს ბავშვებმა.

მარტი 2013
თბილისი
ეს ყველაფერი ისე შორია, ისე შორი,
რომ ვეღარ ვწვდები.
ვხედავ რა მაქვს, ან კი რა მქონია,
გულის კუნჭულში კი მაინც ვხვდები.
რომ მაინც მარტო იქნები თავად
მიუხედავად შენ ყველაფრისა,
უცხო ტომელთა თესლში ჩამპალი,
შენი სამშობლო, თუ არ გეღირსა.
თუ არ მესმოდეს შხუილი თერგის,
ან კი მყინვარის ურჩი გამოხედვა
ვერ შევიგრძენი, ან ვერ შევდგი ფეხი,
ან ვერ დავინახო ჩანჩქერთა გადმონთხევა.
თუ არ ვუყურე ცამდე ალეწილმა,
ხორნაბუჯიდან არწივთა გამოფრენას,
ვერ შევიგრძენი ღვინით გალეწილმა,
როგორ ვაშინებ ცხენების რემას.
თუ ვერ ვიგრძენი სიძულვილი
და ნერვების მოშლა, როცა იმეტებს,
და ან კი ღვინით გონება შეზღუდული
სუფრის სიყალბეს როგორ იფერებს.
და ვხვდები მაინც მარტო ვარ ისევ,
მიუხედავად მე ყველაფრისა.
უცხო ტომელთა თესლში ჩამპალი,
ჩემი სამშობლო, თუ არ მეღირსა.

13 ოქტომბერი 2013
ვენეცია

ვებრძვი ღამეს

გამთენიისას, კაბარეს სუნით აყროლებული
მე მივადექი სახლის კარიბჭეს.
მეეზოვეც კი გაკვირვებული,
თუმც კი, არ იმჩნევს.
და სახლის სიცარიელეც
მთაწმინდასავით ჩუმად დამიხვდა
კაცთა სიმარტივეს ყველგან რომ შეხვდები
პაპა მარიგებდა და აი, ამიხდა.

თან მესმის ხმები უცხო ნოტების,
ქარის შრიალი და მსხვრევა ტოტების.
ეს უცხო ბოჰემაა სულში ჩაფრენილი,
უცხო სინანული, წლები გაფრენილი.
და ვინ დააკავებს მხეცს, რომ ხტება გულიდან,
ასე ბოღმით მიცქერს თითქოს წარსულიდან.
ვიცი,! მთვრალი ვარ, თან ვერ ვიშორებ მაჭარის სურნელს,
კახპებში გადათელილს, გრძნობებს უთქმელს.
აჰა! გათენდება, თუ უკვე არ გათენდა,
რითმაც გამხნევდება, გონს რომ მართმევდა.

არ ვიყურები მე წარსულიდან
და არც მომავალს შევთხოვ რამეს.
ვამბობ, რაც ეხლა ამომდის გულიდან
და ჩემებურად ვებრძვი ღამეს.

12 იანვარი 2013
თბილსი
...................

როგორ მიყვარს მთვარის ჩრდილში ძილი,
ეფარება როცა ხეებს მორცხვად.
დაუძლევლად არ მიმაჩნდა მანძილი
და ყველაფერი ღირდა იმ ერთ კოცნად.
მონატრების, მთვარის ჩრდილში მეპარება სევდა
ჩრდილმაც გვერძე წაიწია, რიდით.
ჩვენს სიყვარულს სევდა მსგავსი, ალბათ მუდამ სდევდა,
სდევდა მთვარეც, შენს სახლამდე მანძილს გავივლიდით

აგვისტო 2012
ლაგოდეხი
ოხ, ეს ღრუბელთა გარდასვლა ცაზე,
რომ არ ჩერდება არც ერთი წამით
და მზის სხივების მოფრქვევა თავზე,
მთვარის ნათება, დღისით და ღამით.

ოხ, ეს ღრუბელთა გარდასვლა ცაზე...
მთას შეფენილი ირმების ჯოგი,
როგორ ვიფიქრო მე მაშინ სხვაზე,
ან როგორ დავთმო, თუნდ ერთი გოჯი.

ოხ ეს... ქარების უაზრო ქროლა
და ცის საზღვართან შეხება მიწის.
ერთ მხრივ უვიცთა დიადი გროვა,
რომელიც ხარობს დაღვრილი სისხლით.

ხოდა სიგიჟის საზღვარზე რბოლა,
ჩაგუბებული მონური სიცხის,
არ არსებულის უცრემლოდ გლოვა,
მთვრალის გოდება "ერთიც დამისხით".

აქვე ბიბინებს ოქროსფრად ყანა
სხივმოფენილი გორების თავზე,
მე, რომ წამართვით ჩემი ქვეყანა
აღმოვაჩინე ამ განთიადზე.

17 ივლისი 2012
ნაცარგორა

Monday, January 6, 2014

მარიამის დაბადებას

ბაქანთან მძიმე ვაგონის მოლოდინში
მძიმე ფიქრებსაც ქარი ამიშლის... 
არ მეკადრება, ვიცი, ბოდიში,
მაგრამ ნუ ცდილობ და ნუ დამიშლი...
უხეშად მოაქვთ ფიქრები რელსებს
და აი უკვე გავცდით დარიალს,
ყვითელ ფურცელზე დაწერილ ლექსებს
ქარი ღიღინებს, როგორც არიას...
"თავს დასდგომიან ანგელოზები,
ანგელოზივით მძინარ მარიამს..."

თბილისს

ამ გახუნებულ ფოტოებზე წამიერ ღიმილს,
ნაძალადევი სიხარულით რომ ვერ იშორებ.
ღამით უსაზღვროდ მთვარიანი ვესტუმრე თბილისს
ისე კადრებად გაშეშებულს, როგორც სიშორე.

სად წყნარი ძილით, არხეინად ეძინა ქალაქს,
თუმცა შორიდან დეპოები მოსთქვამდნენ მძიმედ
მე ყველა კადრი ფოტოსავით თან, გულით დამაქვს,
ასი ესკიზი, დანგრეული, რომ მოჰგავს წვიმებს.

გამთენიისას ამ ქუჩებში ნაკადი ხალხის
მდინარესავით მიიზლაზნება და შტერ სახეებს
გამოღვიძებულ კაფეებში მუშები ქარხნის,
ვიღაცა მოსთქვამს, ვიღაც ტირის, ზოგს კი ახელებს.

და ამაღლებულ  სახურავებზე  თოვლის გუნდები
ასე შავ-თეთრი კადრებივით რომ აღარ მტოვებს.
და მეჩვენება, რომ იქა ვარ, რომ იქ ვბრუნდები
ასე უსიტყვოდ, ხელაღებით რომ მივატოვე.

6 იანვარი 2014
ვენეცია

Sunday, January 5, 2014

განაჩენი (ავტოპორტრეტის ნაცვლად)

შედგენილია განაჩენი,
ნელა ეშვება ციდან.
შანსი არ არის გადარჩენის,
იმედიც, ერთი ციდა.

ცხოვრებას ფერად ლაქად დავაჩნდები,
ლექსი ჩავიწერე მოკლედ 
დათუ პოეტად არ დავრჩები
ლამაზად მაინც მოვკვდე.

თუკი ეშაფოტზე ასული
განაჩენს ღიმილით ვერ შევეგებე,
ვიყავი ცხოვრებიდან გასული
და სიცოცხლეს ბრძოლაც კი შევბედე.

ვებრძოდი ეპოქას სავსეს აკრძალვებით,
ბოლოს კი მაუზერში ტყვიაც კი გავტენე.
თავს არ ვიწუხებდი უაზრო კრძალვებით,
დოგმები ერთიანად ფეხქვეშ გავთელე.

ეხლა შეჩერება ღალატის ტოლფასია,
ღალატის, იუდამ თავს რომ აპატია.
ლამაზად სიკვდილი ბევრად ძვირფასია
და ცოცხალს მეუფლება უხმო აპათია.

ოდესმე დილაც გაშმაგდება

დილა გათენდა. ისე წყნარად,
ლამის რომ ფანჯრიდან გადავეშვა.
და მომანდომა ხოგაის დარად
ერთხელ, რომ ქვესკნელში ჩავეშვა.

ასეთი სიწყნარის მდომი არ ვიყავი,
სევდა ააოხრა მზემაც არეკლილმა.
მეტად რომ მწყუროდი მაშინ სად იყავი?
სიშმაგემ რომ მომკლა, ცამდე გადრეკილმა?

ქალაქმა მოიხადა სიჩუმის ბოდიში,
ღამე ნაგიჟარი შმაგად შევჩერდები
და რაღაც მეტის, ახლის მოლოდინში
მდუმარე აისს როგორღაც შევეჩვევი.

ოდესმე ეს დილაც გაშმაგდება 
და შემხვდება, როგორც ღამე ნაგიჟარი.
ტყვიაც რომ დავიხალო არა დაშავდება,
როცა მწყუროდი მაშინ სად იყავი?

ერთხელაც გათენდება ისე, რომ, ტიალს
სისხლი გამეჟონოს მაჯიდან.
სანამ დავიხლი შუბლში ეულ ტყვიას,
სანამ გადავეშვა ფანჯრიდან.
          .............
გულო ან რისთვის ბაგუნობ,
სისხლო სად დაიარები,
ვიღას რა უნდა არგუნო
სუსტი ხარ, ნაიარები.
თუ კი სიახლეს ვერ გუობ
არავის არ ეამები.

         ...............
რადგან არაფერს მეუბნება გული საგულეს,
რადგან გადახდა უკვე წინათ, უკვე რაც იყო.
ასე გულდასმით ნუ დამალავ მკერდზე ამულეტს,
უკვე აღარ ვგრძნობ, უკვე გაქრა, ქარმა წაიღო.
და ყველაფერი რაც კი თმულა აქამდე სიახლის,
უფრო სიყალბის და უგულობის დიდი ბუდეა.
თან ველოდები როდის ამოთქვამს, როდის მიახლის,
ერთხელ ხომ უნდა გაცხარდე და გაახილო
ფართოდ თვალები, რადგან ვერაფრით ეგუები ამ ახალ პოზას
ტორეადორის,
თუმცა ამ პოზის სიყალბეს ისიც ამხელს, რომ
სირაქლემისას უფრო ჩამოგავს, უფრო მედროვის.
გარშემო მყოფებს რომ აამო, რომ მიახვედრო
და მათთან ყოფნა გაიადვილო ბევრი ყბედობით,
ყალბი ღიმილით, რომელიც სახეს ისე შერჩა
ისე შეახმა, როგორც სიკვდილი. ასე შენდობით,
როგორც ხალიჩა გახუნებული, ან კედლის ფარჩა
მიიზლაზნება ზანტი, მდინარის შლამივით .
შენ კი ტკივილი რაც ჩაყლაპე, რაც გულში დაგრჩა
ძარღვებში ფეთქავს, ფეთქავს, ფეთქავს, ფეთქავს გულივით

5 იანვარი 2014
ვენეცია




Friday, January 3, 2014

შობის ღამეა და ცა ნაქუხარი,
აღარ დაადგება საშველი მზის ამოსვლას,
მე გულში მქონდა თუმც მაშინ ვერ გითხარი,
ხოდა ახლა ველი ახალი წლის მოსვლას.

შორით ნისლია და მთებზე შეფერთხება,
თოვლად დაიღვრება მწვერვალზე ცა და მიწა,
დღეს ყველა დარდი ერთად მეფეთება,
დღეს ყველა იმედი ერთად ჩამიწყდება.

უმიზეზოდ ვებრძვი ტყეებში ჩრდილებს,
მეკვლედაც არ ივარგებს აისი ალეწილი,
აღარ ეშველებათ სტრიქონებს, წაშლილებს,
და დღეს ყველა ლექსი დარდია ალესილი.

ფიქრად შებნელდება და საღამოს ქარი,
შორიდან მოაცურებს ხმაურს ახალი წლის
და როგორც ფიქრი, უკვე ნაფიქრალი,
ყველა მოგონება ერთად გამივლის.

და ყველა დარდი ღამით ნაქუხარი
ერთად ელოდება ცაზე მზის ამოსვლას,
რაც გულით მინდოდა ღამითაც ვერ გითხარი,
ხოდა ახლა ველი ახალი წლის მოსვლას.

03 იანვარი 2014
ვენეცია