Thursday, December 5, 2013

სიზმარი პირველი


–– სად ვართ? აქ რა გვინდა?
–– ჯერ ის გავარკვიოთ სად ვართ და მერე ის, თუ აქ რა გვინდა.

       ყველაფერი უცხოა, და რაღაც უფერული, ხეები, გორები არაფერს არ გავს. ამ ხეებს ფოთლებიც ისე უფერული აქვს მწერალს რომ დაეწერა კრიტიკოსები აუცილებლად მის დეპრესიულობას დააბრალებდნენ... "–– იცით,... ის ალბათ თავისი ეგზისტენციალიზმის შავი ლაქებიდან ამოდიოდა და მისი სამყაროც მიტომ ჩანს ასე უფერული".  და მსგავსი სისულელე. გამეღიმა და შევხედე ამხანაგს, რომელსაც თავი კაი, ძველი ძმაკაცივით უჭირავს და მე კი რატომღაც არ მეცნობა. არა მეცნობა მაგრამ არ ვიცი ჩემთან რატომ არის. თუმცა მაინც ვერ გამირკვევია მეცნობა, თუ დეჟა ვუ მაქვს. ასე ტურისტებივით მიუყვებით ნახევარ ბილიკს და იდიოტებივით უღიმით ერთმანეთს.

–– სად მივდივართ?
–– არ ვიცი. –– დუმილია.–– სადმე ალბათ, რეალობის საპოვნელად.
–– აუფ... გამომივიდა ესეც ჭეშმარიტების მაძიებელი.
–– ეგ ყველაზე ბოლოა რისი მოძებნაც მინდა. – უთხარი და ჩემ თავს უფრო გაუღიმე ვიდრე მას.

     გზას კი ბოლო არ უჩანს. უფერული და უსუნო თოვლია გაბნეული, ისეთი, რომ შეხებაც არ გინდა, ეს თოვლი რომ გიხაროდეს ისიც არ გინდა. აბა რა ჯანდაბაა რისთვის მივდივართ.

–– მომშივდა

     ისე გამიღიმა თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია. რამ მათქმევინა.
     მაინც გავბედე მეკითხა.

–– გიცნობ?
 
    იგივე ღიმილი, მაგრამ აღარ მაინტერესებს შეჩერება გვიანია.

–– გიცნობ?  ––– უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს პირში შემოცინება.

    კაციც არ არის ახლოს, რომ ვიკითხო სად ვარ და ამ დროს უდაბნოს უკვე გაგრილებული ქვიშიდან რაღაც ცხოველის მსგავსი გამოვარდა. მშიშარა თვალებით, მაგრამ ეტყობა, რომ ისეთი მშიერია არავის დაინდობს. სიცხისგან ჩამხმარი კანი ექერცლება და უწყლობით გამშრალ პირში ენა ძლივს შესამჩნევად მოძრაობს. ისე სწრაფად მეცა, რომ გვერძე გახტომაც ვერ მოვასწარ და ამ დროს შერჩა პირში ჩემი ნაწილი, ჩემი ხელი და მჩქეფარე სისხლმა დაარწყულა და თითქოს, სითბოსთან სიცივეს შეჯახებულმა ხორცმა დააპურა. ეს იყო ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი, ჩემს თვალწინ, რომ ყველასგან დავიწყებული ცხოველი ჭამდა. შიში ვერ ვიგრძენი რამაც უფრო გამაბრაზა ვიდრე გამაკვირვა, თითქოს ვუთანაგრძნობდი კიდეც და ვგრძნობდი დაკლებული სისხლი გონებას როგორ ამცირებდა. ცარიელი თვალებით შევხედე ჩემ ამხანაგს და მაშინ კი ნამდვილად შემეშინდა. მასაც აკლდა ხელი, მასაც აკლდებოდა დაკლებული სისხლისგან გონება, მაგრამ ისევ ისე იღიმებოდა და თვალებით მეუბნებოდა:
––ეხლა თუ ხვდები სად ვართ და აქ რა გვინდა?
...


ვენეცია



No comments:

Post a Comment