Friday, December 27, 2013

თბილისური ჩანაწერები


............
გაზაფხულია და თბილისს ასდის სურნელი ვნების,
გამოაჩინეს ბროლის მკერდები ბანოვანებმა,
შუქზე, ჩაუქად ჩარიგებული ლამპიონების
დგას ჟრიამული, ალკოჰოლი და ხმოვანება.

...........
სიგიჟე დამცხრალს და რწმენა დაკარგულს,
შენი თვალები შემრჩება მხოლოდ,
შენი სურნელი დააცხრობს ავ გულს, 
მე უშენობის ყველა წამს ვგლოვობ.

...........
როგორ სახტად მიცქერს აქოთებული სახლი?,
ვერ მოვიცალე მისალაგებლად, 
ნასვამი გახლდი.


...........
დამარქვი რაც გინდა, 
ერთი უბრალო ლოთი ვარ მხოლოდ.
მეეზოვე რომ ქუჩებს გვიდა,
მასაც უკვირდა, ეს თვე უთოვლოდ,
ვიცი, რომ აღარ გინდა
ამას ვერ დაარქმევ სურვილს უდროოს.
მეეზოვემ კი ქუჩა გაწმინდა,
თუმც ჩემგან განსხვავებით
უყვარდა უგონოდ.

2012 დეკემბერი.

..........
ცოტა თუღა შემრჩა,
ვერ ვადევნებ თვალყურს
და სინდისის ქეჯნა,
მიორმაგებს ნამუსს.
სულ ახლახან გაჩნდა,
უარყოფა დარდის.
და რაც გულში დარჩა, 
არასოდეს გადის.

2012

...........
სიკვდილმა გარშემო მიარა,
თავისიანად მთვლის.
შენი სიყვარული კი არა
მე განშორება მღლის.
ფიქრი ამძიმებს გონებას,
გული სულ გადაგვარდა.
ვერ ვიტან მე სხვა ქონებას
შენი თვალების გარდა.

2011.

ეგ არაფერი. კიდევ მოგვივა თავში აზრები,
ან კი შეგვრჩება ჩვენსკენ ნასროლი ტყვიის ვაზნები.
ვეღარ ვეშვები ისევ ფიქრს და ჯავრს,
გულში კი ვმალავ, თუმც სახე მამხელს,
რომ უბრალოა და ისე მტანჯავს
უბრალოება, რომ თითოს გამლახეს.

და ისევ ვიკლავ გულში დამალულს,
წამი, წამს მისდევს და რბიან დღეები.
თითქოს ნადირით ტორით დაღარულს
მიგავს გული და თეთრი ხელები.

ხანდახან ფიქრის დროც კი არ რჩება,
ფიქრის საუფლოს გზაც ვეღარ იტევს.
არ არის ძნელი ყალბის გარჩევა,
ასე მარტივად რომ გაიმეტებს.

ვეღარ ვეშვები ისევ ფიქრს და ჯავრს,
გულში კი ვმალავ, თუმც სახე მამხელს,
რომ უბრალოა და ისე მტანჯავს,
ისე მტანჯავ, რომ თითოს გამლახეს.

12 ოქტომბერი 2013
ვენეცია

მეგულები

ყოველ წუთს ვფიქრობ შენზე
და შემოდგომის ქარში
ისე ვივსები ვნებით,
რომ ავფეთქდები წამში.
არ მახსოვს როგორ შევიცან
ეს გრძნობა ერთგულების,
ოთახში, ცხრა მთის იქით
ყველგან შენ მეგულები.


ვენის სადგურზე

დილა გათენდა, გავახელ თვალებს,
ვენის სადგურზე ვწევართ.
და ნათხოვარი აისი 
გამიფერადებს პერანგს.

ტრანსპორტი მირბის მხარდამხარ,
ვუყურებ ზეცას გახსნილს,
შენ სიტყვის მიგნებას გავხარ 
და ბედისწერას ახსნილს.

გაიხსნა ჩემს წინ ახალი გზა
და ყველა დამთავრდა უფერო, მშრალი,
ღამე გვეფარა ნათხოვარი ცა,
როგორც ლოთების ნახმარი შალი.

არ მაოცებდა არც ერთი სიტყვა,
მოქალაქეთა წესრიგი გზაში,
რომ ყველა სიტყვა აქამდე ითქვა,
რომ თავი ჩავრგე შენს გამძლე თმაში.

და წვიმით გათხაპნილ ფანჯრები იქით
ამ, ახალ ქალაქს ვეგუებოდი,
არ მაწუხებდა არც ერთი ფიქრი,
რადგან ჩემს გვერძე მეგულებოდი.

მაშინ გაიხსნა სულ ახალი გზა,
ყველა დამთავრდა უფერო, მშრალი,
ღამე გვეფარა ნათხოვარი ცა,
როგორც ლოთების ნახმარი შალი.

4 ნოემბერი 2013
ვენა

Wednesday, December 18, 2013

ჩემი არ არის და ... მორჩა


ცხოვრება სავსეა ღიმილით
და მზეც სხვანაირად მოსჩანს,
მაგრამ ეს ჩემად არ არის,
უბრალოდ სხვისია და... მორჩა.

ღამეც შენზე ფირქში გავატარე,
ცისკარის ზეცა გამოჩნდა,
მაგრამ ვერაფრით შევადარე
ჩემი მირჩევნია და...  მორჩა.

დღისით კი ბუხარს მივეფიცხე
საღამოს ნაღვერდალი, რაც მომრჩა
კი აბრდღვიალდა დალოცვილი,
მაგრამ სხვანაირად და მორჩა...

ეს ღამეც თავისით გაიპარა,
ნამთვრალევს აისი მიმჩვევია,
ამათ ნაყალბევ სიხარულს
ჩემი ტკივილი მირჩევნია.


ვნებადამცხრალი ხვადივით მოსთქვამ,
შიშველ სხეულს კი საბნის ქვეშ მალავ.
წვიმა მიკითხავს უნებურ მორალს,
მაგრამ არ ამბობს არაფერ ახალს.

ქალაქს ალისფრად მოედო ბინდი,
ზეცის კარები ფრთხილად იღება,
მზე ჩაიმალა  ტაძრების იქით,
მთვარესაც უჭირს მისი მიგნება.

არაფერ ახალს არ ამბობს წვიმა,
თუმცა მიკითხავს უნებურ მორალს,
რომ თუკი შემრჩა რაიმე წმინდა,
აღარ გადავდებ შენამდე მოსვლას.

ბუხარი ცეცხლის ენით გამოგთქვამს
და შიშველ სხეულს წითლად გინათებს,
შენში ხომ ცეცხლი და გრძენბა მოჩანს
უნებურად რომ ჩემში დაანთე.


Friday, December 13, 2013

წუხელ თბილისში მოუთოვია,
სულ დაუსვრია ქალაქი თეთრად,
ანგელოზთაგან მოუთხოვიათ
მოქალაქეებს და ქალაქს ერთად.

მე ამ დროს არაყს ვყლაპავდი რბილად,
თუმცა ვმალავდი ცოფიან ფრუტუნს,
თანაც ბუხართან მიმჯდარი თბილად
აუჩქარებლად ვახვევდი თუთუნს.


Tuesday, December 10, 2013

მოხსენება


აუ რა უნაპიროა, ადამიანებს ცოტათი მაინც ერთმანეთის სიყვარული რომ შერჩენოდათ უნაკლო ქალაქი იქნებოდა. ზღვის ნაპირიდან ზმორებით მიცოცავს ქალაქი გორებზე და ამ იახტებით გადაჭედილ პორტსაც სიცარიელე შეპარვია, მიუხედავად იმისა, რომ სავსეა გემებით.

ოთახი ისეთივე თეთრი და უემოციოა როგორც დანარჩენი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული.

–– დღეს შევიკრიბეთ რამეთუ მოვისმინოთ ახალგაზრდა მეცნიერების მოხსენებები. –– პათოსი შეაპარა ჭაღარა, ჩასუქებულმა ბლანჟემ, თავის სიტყვაში. მერე ჩაიღიმა დამსწრე საზოგადოებას რომ გადაავლო თვალი და განაგრძო.

  იქვე მჯდომი ულვაშა პროფესორი იმდენად ხმამაღლა იხოცავს ცხვირს, რომ მომხსენებლის ხმას ფარავს.
 -- ჩვენი უნივერსიტეტი მზადაა სულ ახლახან დამთავრებული რეფორმის შემდეგ განაგრძოს მუშაობა. ჩვენ შევკარით სამკუთხედი, სამი უნივერსიტეტი გაერთიანდა რათა მიეცეს ახალგაზრდებს საშვალება თავისი თავი ამ სამკუთხედში წარმოაჩინონ. 

  უკვე ეტყობა რომ რული ეკიდება, დაამთქნარა კიდეც. თეთრ ბლანჟეზე ჩამოისვა ხელი და განაგრძო ნახევარ საათიანი მოხსენება. ბოლოს უკვე დაღლილ, ხანში შესულ კოლეგებს გადახედა და "დროა ახალგაზრდები მოვიწვიოთო" განაცხადა.

  შეგვიყვანეს და დაგვსვეს შედგენილ, კუთხეებმომრგვალებულ მაგიდასთან. "ათი წუთი გაქვთო და ეგ დროც რომ მოგეცით ისედაც ბევრია, ათი კაცისთვისო.
 დაიწყო მოხსენებები სხვადასხვა თემებზე. ანბანის მიხედვით გავდივართ და ვსაუბრობთ.
 პირველი მოხსენება პათოსია ყველა ფხიზლობს, აინტერესებთ კიდეც.

იქვე მჯდომი ულვაშა პროფესორი კი იმდენად ხმამაღლა იხოცავს ცხვირს, რომ მომხსენებლის ხმას ფარავს.

მეორე და უკვე მესამე მოხსენების დროს ამ ჭარმაგ, დამსახურებულ პროფესორებს რული ეკიდებათ, რასაც ოთახში გამეფებული სითბოც უწყობს ხელს. უკვე ვამჩნევ, რომ ამ აპრეხილ ულვაშიანს, (რომელიც ვერ გამიგია დონ კიხოტს უფრო გავს, თუ რაჭველს) თვალები დაუხუჭავს. 

ულვაშა კი ცხვირს იხოცავს ისევ, კვლავ ხმამაღლა.

–– უკაცრავად მაგრამ კითხვა ვერ გავიგე. –– განცხადა მომხსენებელმა. 
––მე გკითხეთ, რომ....
ისევ ულვაშა პროფესორი, რომელმაც მგონი მთელ შენობას გააგებინა ამ ჯერზე.
–– ვინ გამოაქვეყნა...

პუბლიკას გადავხედე ოცი ადამიანიდან სამ წყვილს ვამჩნევ, რომლებსაც ეტყობა დიდი ხანია ერთმანეთი არ უნხავთ და მოიკითხეს ასე დიდი ხნის უნახავებმა ერთმანეთი. ის კი არა და იცინიან კიდეც, ძველ დროს იხსენებენ. ორს ამათ შორის წიგნები დაუკავებიათ და სოლომონ ბრძენის სახეებით ათვალიერებენ, მაგრამ ეტყობათ, რომ არ კითხულობენ. იმდენად სწრაფად გადადიან გვერდიდან გვერძე, რომ მეც კი ძლივს ვადევნებ თვალყურს შორიდან. სათვალე ჩამოფხატულს ძალიან, რომ ცდილობს სერიოზლი ადამიანის იმიჯის შენარჩუნებას უკვე ჩამოეძინა და ხანდახან თუ გაახელს თვალებს, რომ გვითხრას დამსწრე საზოგადოებას "მე მძინავს? როგორ გეკადრებათ". 

–– ვინ გააკეთებს კომენტარს. – კითხულობს თეთრი ბლანჟე.

სიწყნარეა. არავის არ უნდა სიტყვის თქმა, უბრალოდ არავის მოუსმენია. ორი წუთის მერე მდედრის ხმა გაისმის უკანა რიგებიდან. 

–– მოხსენება ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრომ, რომ ერთ–ერთი საუკეთესოც. კარგად დალაებული ასპექტები და ეტყობა, რომ თუ გააგრძელებს ამ საკითხებზე კვლევას წარმატებასაც მიაღწევს. –– თავის გამოსვლა დაასრულა ისე, რომ სკამიდან არც წამომდგარა და დასრულების თანავე გადააგორა თავი გვერძე მჯდომის მხარზე.

ამ ულვაშამ ხომ ვეღარ მოიხოცა ცხვირი. რაჭველი დონ კიხოტი ულვაშებს აცმაცუნებს. ეს სიამოვნების  ცმაცუნია. ეტყობა ტკბილ სიზმარს ხედავს.

––მეგობრებო –– წამოდგა მელოტი, თავ მოვლილი პროფესორი. რაღაც თქვა თუმცა ცხვირის მოხოცვამ გადაფარა.

უკვე ორი საათი გავიდა და კარგად გამოძინებულები ზმორებით ფხიზლდებიან. როგორ მეხუთება სული. ამათ შემხედვარე ვგრძნობ რა უაზრობას ვემსახურები. "არა. ასე გაგრძელება შეუძლებელია", უნდა გავიქცე აქედან, კარი გავიხურო ან დავრჩე და მოვისპო ცხოვრება. " ყველაფერი მასე დრამატულადაც არ არის" ვიღაც უცნობი ჩამძახის ყურში. "არა ზუსტად მასეა. ეხლა თუ კარი გავიხურე აღარ დავბრუნდები, გავთავისუფლდები და იქნებ გავახწიო კიდეც ამ ნაბიჯით ამ ცხრაკლიტურიდან." მაგრამ კარის იქით რა არის? ერთხელ თუ გაქცევა არჩიე და გამოეყავი ამ ხალხის გროვას ხანდახან საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. ბოღმასავით ექნებათ გულში შენი გაგცევა, რადგან თვითონაც ამაზე ოცნებობენ. ამ ცხრაკლიტურის იქით კი პიროვნული თავისუფლება და მარტოობა ეფერებიან ერთმანეთს. 
დაძაბული ვარ, ოფლს ვიმშრალებ ყოველ წუთს. უკვე ეს ცხვირის ხმამაღალი მოხოცვაც აღარ მოქმედებს და კანკალმა ამიტანა, რაღაც უცხო შიშმა და ავდექი. ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი ასე, უბრალოდ ამდენი გაოცებული თავების ერთ ადგილზე კონცენტრაცია მახსოვს. ვერავინ გაიგო რა მინდა, კითხვას არ ვსვამ, უბრალოდ ავდექი. ისევ ფიქრები აირია და ვეღარ ვაცნობიერებ, ტვინში მიწოლილმა სისხლმა გონება ხევში ჩამდგარი მთის ნისლივით დაბინდა და აი ნელ–ნელა დავიძარი კარისკენ, ისე, რომ საკუთარი ნივთებიც არ ამიღია. უბრალოდ, ნელი ნაბიჯით. ულვაშა ისევ ცხვირს იხოცავს, რაჭველი დონ კიხოტიც გამოფხიზლდა საბოლოოდ, უკანა რიგებში მჯდომ ხუჭუა ქალბატონს საერთოდ ვერ გაუგია რა ხდება, უბრალოდ გვიან გამოერკვა საკუთარი ფიქრებიდან. მე კი უკვე ვგრძნობ რომ მტკიცეა ჩემი ნაბიჯი, არავითარი ყოყმანი. ასე თავდაჯერებული მივადექი კარს. გაუღიმე ბოლოჯერ მოტრიალებულმა ამ სიზმრიდან გამორკვეულ საზოგადოებას, ალბათ ირონიულადაც და გავედი. გავედი სადაც აღარასოდეს დავბრუნდები, გავედი გაგდების გარეშე, ჩემი ნებით.

ჰაერი რა სუფთაა და რა მსუბუქი. ღრმად და ბოლომდე გავავსე ფილტვები ერთი ჩასუნთქვით და გულზე მომეშვა, უკვე აღარ ვნანობ არაფერს...


ტრიესტე

Sunday, December 8, 2013

–– მაგარია..
–– ძალიან უცნაურია, ძალიან–– მეუბნება დამტვრეული, ძლივს გახსენებული ინგლისური სიტყვებით.
–– კი.. – დავეთანხმე და თვალები გადავაცურე ჭერისკენ.
–– პროგრესივ როკი, გეგონება მულტფილმის პერსონაჟს ქმნი –– ისევ დამტვრეული ინგლისური

   ღმერთო წინადადების აწყობას ორი საათი მოუნდა. ან მე მომეჩვენა.

–– ჰო უცნაური და მაგარია –– ისე დავეთანხმე არც მიფიქრია სიტყვებზე, რომლებიც ეხლა ვთქვი, უბრალოდ ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა მეთქვა.

   სად ვართ... აუფ გულზე მომეშვა, სახლი პატარაა ერთი მისაღები და ორი საძინებელი, ძალიან პატარა სამზარეულო და მისაღები ერთი მთლიანია. შავ თეთრი კედლის პოსტერებიდან მერლინ მონრო და ჯონ კოლტრანე იყურებიან. ოთახი თითქმის ცარიიელია.

    "ღმერთო რა სიწყნარე და ჰარმონიაა ამ მუსიკაში, ამ უჰარმონიო მიმდინარეობასაც შეუძლია შედევრის შექმნა." ჩავცურდი სკამიდან კისერი მისაყუდებელს დავადე და ჭერში ვიყურები და სიამოვნებისაგან ძარღვები მეხსნება.

     ერთადერთი თარო ოთახში და დისკების კოლექცია, ძირითადად ჯაზის ტიტანები, ეზოთერული წიგნები, ძირითადად გურჯიევი და ჭადრაკი სამისთვის.

–– რას იტყვი ამოვიდა ცომი? –– ძლივს მოითქვა სული ქალის ტუჩებს მოწყვეტილმა ბლანჟემ.
–– ჰო შევაგდე უკვე ქურაში. შენ ჯობია ტარიანი მოამზადო ამდენ ზასაობას. –– უღიმი ნაძალადევად.

   ერთიც... ჰო ეგრე ძალიან კარგია, სახლის თეთრ კედლებს ვუყურებ, უცბათ მივტრიალდი სამზარეულოსკენ და მივაქციე ზურგი უფრო აუტანელ, ვიდრე საინტერესო საზოგადოებას. უკნიდან მესმის იდიოტების სიცილი სისულელეებზე და მთელი სიჩქარით დავიძარი ამ თეთრი კედლებისკენ. ვესროლე გონება უფრო უცნაურს და ამოუცნობს. კედელი კი მოდის თავის მრავალფეროვანი კადრებით ნაცნობი და უცნობი ყველაფერი აირია, ხალხის შეძახილები, ჭკუის სწავლება. რატომ თვლის ყველა, რომ უნდა დაგარიგოს, მოგაქციოს თავისივე შექმნილ მორალურ ჩარჩოებში, რომლის იქით გახედვისაც კი ეშინია. არა საკუთარი თავის ეშინია, იცის, რომ ვერ გაუძლებს, ან იქნებ იმას ნახავს რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა და ვერ გააკეთა მისი პიროვნება, რომ სხვების განსჯის საგანი არ გამხდარიყო.

–– რა გჭირს?! მოდი დალიე რა.
–– არ მინდა, ისეც კარგად ვარ.
––ვის უნდა? –– იძახის ბლანჟე და ხელში გაბაბანებულ ტარიანს ატრიალებს.
–– მე –– ეცა მკერდ გაღეღილი გოგონა და ისეთი ნაპასი დაარტყა, რომ მაგის ფილტვი რომ ვყოფილიყავი მინიმუმ პროტესტს გამოუცხადებდი. ბოლი გამოუშვა და თავი არაქალურად მიდო დივანზე.

   ისევ მივტრიალდი რომ ზიზღი დამეფარა ამ გაურკვეველი სქესის  იმართ. ისევ ეს კადრები, უფრო გახშირდა და მეტი არეულობით წამოვიდა.. ზოგი ისეთი ბნელია გარჩევაც მიჭირს.. ისევ ეს მუსიკა.. ძარძღვებში ისე ტრიალებს დამისკდება უკვე. ზურგს უკან კი საუბარი ისევ სისულელეებზე, ამ ყოველდღიური ამბებით ისედაც ყელადმე ვარ , მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მივაქციე ზურგი ამათ მაინც აღწევს ყურამდე. საძინებელ ოთახში შევედი რომ გავერიდო, არა ვგრძნობ რომ ცოტა ხნით უნდა მოვცილდე ამ ხალხს, რომ აღარ ვიფიქრო ამ სისულეეებზე, რომელიც გონებას კეტავს. ამ აწყობილ სისტემაზე რომლის იქით არაფერი ჩანს და არც გაფიქრებინებს რომ რამეა იქ, არ მოგცემს საშუალებას, რომ გადაძვრე და დაინახო, თუნდაც მხოლოდ ერთი წამით.

ჰაჰაჰაჰაჰა.

მოდი ჩემთან ძვირფასო. შეუჩერებლად ვეალერსები ჩემთვის უცნობ მდედრს და ისე ვეშვები აღარაფერს ვფიქრობ. გამოღვიძებულზე ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი ნაცნობია და მისაღები. ყავა, ტვალეტი, მივიღე შხაპი, ჩავალაგე საჭირო ნივთები ჩანთაში და გავიხურე კარები იქ სადაც ისევ დავბრუნდები საღამოს, ადგილზე რომელსაც რატომღაც ვეძახი სახლს, რომ ისევ გავიღვიძო და ისევ დავტოვო როგორც დღეს...

ვენეცია

Thursday, December 5, 2013

სიზმარი პირველი


–– სად ვართ? აქ რა გვინდა?
–– ჯერ ის გავარკვიოთ სად ვართ და მერე ის, თუ აქ რა გვინდა.

       ყველაფერი უცხოა, და რაღაც უფერული, ხეები, გორები არაფერს არ გავს. ამ ხეებს ფოთლებიც ისე უფერული აქვს მწერალს რომ დაეწერა კრიტიკოსები აუცილებლად მის დეპრესიულობას დააბრალებდნენ... "–– იცით,... ის ალბათ თავისი ეგზისტენციალიზმის შავი ლაქებიდან ამოდიოდა და მისი სამყაროც მიტომ ჩანს ასე უფერული".  და მსგავსი სისულელე. გამეღიმა და შევხედე ამხანაგს, რომელსაც თავი კაი, ძველი ძმაკაცივით უჭირავს და მე კი რატომღაც არ მეცნობა. არა მეცნობა მაგრამ არ ვიცი ჩემთან რატომ არის. თუმცა მაინც ვერ გამირკვევია მეცნობა, თუ დეჟა ვუ მაქვს. ასე ტურისტებივით მიუყვებით ნახევარ ბილიკს და იდიოტებივით უღიმით ერთმანეთს.

–– სად მივდივართ?
–– არ ვიცი. –– დუმილია.–– სადმე ალბათ, რეალობის საპოვნელად.
–– აუფ... გამომივიდა ესეც ჭეშმარიტების მაძიებელი.
–– ეგ ყველაზე ბოლოა რისი მოძებნაც მინდა. – უთხარი და ჩემ თავს უფრო გაუღიმე ვიდრე მას.

     გზას კი ბოლო არ უჩანს. უფერული და უსუნო თოვლია გაბნეული, ისეთი, რომ შეხებაც არ გინდა, ეს თოვლი რომ გიხაროდეს ისიც არ გინდა. აბა რა ჯანდაბაა რისთვის მივდივართ.

–– მომშივდა

     ისე გამიღიმა თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია. რამ მათქმევინა.
     მაინც გავბედე მეკითხა.

–– გიცნობ?
 
    იგივე ღიმილი, მაგრამ აღარ მაინტერესებს შეჩერება გვიანია.

–– გიცნობ?  ––– უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს პირში შემოცინება.

    კაციც არ არის ახლოს, რომ ვიკითხო სად ვარ და ამ დროს უდაბნოს უკვე გაგრილებული ქვიშიდან რაღაც ცხოველის მსგავსი გამოვარდა. მშიშარა თვალებით, მაგრამ ეტყობა, რომ ისეთი მშიერია არავის დაინდობს. სიცხისგან ჩამხმარი კანი ექერცლება და უწყლობით გამშრალ პირში ენა ძლივს შესამჩნევად მოძრაობს. ისე სწრაფად მეცა, რომ გვერძე გახტომაც ვერ მოვასწარ და ამ დროს შერჩა პირში ჩემი ნაწილი, ჩემი ხელი და მჩქეფარე სისხლმა დაარწყულა და თითქოს, სითბოსთან სიცივეს შეჯახებულმა ხორცმა დააპურა. ეს იყო ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი, ჩემს თვალწინ, რომ ყველასგან დავიწყებული ცხოველი ჭამდა. შიში ვერ ვიგრძენი რამაც უფრო გამაბრაზა ვიდრე გამაკვირვა, თითქოს ვუთანაგრძნობდი კიდეც და ვგრძნობდი დაკლებული სისხლი გონებას როგორ ამცირებდა. ცარიელი თვალებით შევხედე ჩემ ამხანაგს და მაშინ კი ნამდვილად შემეშინდა. მასაც აკლდა ხელი, მასაც აკლდებოდა დაკლებული სისხლისგან გონება, მაგრამ ისევ ისე იღიმებოდა და თვალებით მეუბნებოდა:
––ეხლა თუ ხვდები სად ვართ და აქ რა გვინდა?
...


ვენეცია