Tuesday, May 12, 2015

XXXXXXXXX

მორჩა, დამთავრდა! მე ვბრუდები სახლში,
სადაც არ მელიან, ალბათ არც კი ახსოვთ,
სადაც ისევ მოჰყავთ პომიდვრები ბაღში
და ცვეთენ დათბილულ წინდებს, ნაქსოვს.
სადაც ისევ სჯერათ ძველი ლეგენდების,
სამშობლოს საზღვარი კი დარუბანდზე სწვდება,
უყვართ სტალინი და სიტყვა შეგებების,
მზად აქვთ ღიმილი და ტყუილების წყება.
მორჩა, დავამთავრე! მივიჩქარი სახლში,
სადაც არ მელიან, მაგრამ მაინც მჯერა...
სადაც ადვილია გქონდეს მუდამ ვახში,
სადაც სადღეგრძელოს ძალა აქვს ჯერაც
სადაც თავი მოაქვთ ფართე ველებით,
ცოტა შემთვრალები ცეკვავენ აჭარულს,
სადაც მიცდის დედა დაღლილი ხელებით
და ისევ ძველებურად მიცხობს ხაჭაპურს,
სადაც მიცდის მამა, ტკივილში გართული
და ძველ რადიოს აამღერებს ხმაზე,
მე მინდა კვლავ მესმოდეს სიტყვა ქართული,
სამშობლოს უღელი კი კვლავ მედგას მხარზე.
მორჩა, დავამთავრე! გულში მაინც მჯერა,
მჯერა, რომ მელიან, თუნდაც მხოლოდ სახლში,
დაე ლეგენდების კვლავ ეჯეროთ ჯერაც,
პომიდვრები კი ისევ მოჰყავდეთ სახლში.

მაისი 2015
ვენეზია

მაისი

მაშინ, როდესაც დგება მისი
მე სულ ვიხსენებ მხოლოდ ტიციანს,
და ვგრძნობ ბათუმის ლურჯი დაისი,
პალმის ქოლგები როგორ მიცდიან.

მოგონებები რომ არ დავკარგო
მაისის ლურჯი დაისის დარი,
ვიხსენებ, როგორ ვცეკვავდით ტანგოს...
არ განმიცდია გრძნობა ამგვარი.

ტალღა არ თმობდა ეულ ნაპირებს,
ღამე ქელავდა ქალაქის მნათობს,
მთვარე მოჰგავდა მშიერ ვამპირებს
მხოლოდ მაისის სისხლი რომ ათბობთ.

ახლა იწვიან მოგონებები,
უკანასკნელი იმედის მოდგმა.
და როგორც წვიმის ანგელოზები,
აივნებიდან თეთრად გადმოდგა.

დღეს ამ საღამოს ლურჯი დაისი,
ნაპირებს თეთრი ტალღებით ჩემობს...
დგას უხმო, წყნარი, თბილი მაისი
"და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ".

მაისი 2015 
ვენეცია
ჯავახეთი

მზეს აუშლია წარბები,
სხივით მწვერვალებს ეხება,
ისეთი ლამაზი არის
დაგენანება შეხედვა.
გადუფენია ფარდები
თეთრი, თოვლიან ფერდობზე,
მარტო დასტოვა ბავშვები
მიფიცხებულნი ერდოზე.
გაშეშებული სიჩუმე
ჰორიზონტს მედგრად აწვება,
მდუმარე მეფაიტონე
ამაღამ მზესთან დაწვება.
ზეცას აჭრილი ოცნება
დილამდე გასატანია,
მაგ შენს თვალებთან ძვირფასო
ტყვია რა მოსატანია,
ბოლომდე ჩემთან იქნება
ამ თოვლის შარავანდედში,
სიკვდილი ვარდი არ არის,
თვითონ ვარდია ვარდებში.
ეგ შენი სხივი ძვირფასო,
თითქოს მწვერვალებს ეხება,
ისეთი ლამაზი არის
დაგენანება შეხედვა.

მაისი 2015
ვენეცია

Wednesday, February 18, 2015

აქედან მოსჩანს ქარხნების ქალაქი,
ისე, რომ... საბჭოეთში დაგაბრუნებს.
დილით ჩაი და თან პურზე კარაქი,
ბარში კი ჭიქა ღვინოც გაგაბრუებს.

ასე უღიმღამოდ, არაფრის გადამკიდე,
მზიან "ფუნდამენტას" ღიმილით ჩავყვები,
იმიჯით ლოთი და არაფრის დამრიდე,
ტალღებს ჩემს ლექსებზე მოვუყები.

ეხლა ქალბატონო სანამ მომერიდოს,
ან სანამ გამიტაცეს ფიქრებმა,
გუშინდელ გულისთქმას სანამ მოვერიო,
ახალმა გამაცოცხლოს იქნება.

ეხლა ქალბატონო ისე მიცემს გული!
უბრალოდ, თქვენთან ყოფნის ფიქრითაც,
ღამით თქვენს თვალებში უცხო, დაკარგული,
წავალ ჯანდაბაში და იქითაც.

დილით კი ქალაქივით ცარიელი,
ვედები უნაპირო ნაპირებს,
და როგორც ომგავლილი არიელი,
წერასაც არაფერზე ვაპირებ.

18 თებერვალი 2015
ვენეცია

Sunday, December 28, 2014

თავს ზევით ძალა ცოტაა და არა ყოველთვის,
სად გაიქცევი ამ ქვეყნოდან თავს რომ უშველო?
გენიოსებსაც ივიწყებენ, როგორც ყოველთვის
როგორც გუშინდელს, ჩვეულებრივს, ან უმნიშვნელოს.

ეხ ამ ზამთარსაც არ დაადგა საშველი, თორემ
მოკლავენ ალბათ ძველბიჭები სადაც ნახავენ,
გამოგეცალათ ეგ თასები ბატონო ბარემ,
თვარა ამ თოვლში თუ მოკვდები ვერ დაგმარხავენ.

შენ ამის მერეც კი მისტირი რაღაც ღირებულს,
სასაცილოა ამ დროში, თუ რამეს მოელი...
აბა რა გითხრა? მკვდარსაც ვერ ნახავ აქ გაღიმებულს,
ცოცხალს? -- იცოცხლე, იკრიჭება, როგორც სულელი.

ასე ბატონო, ბევრი ახალი, რომ ვერ ვაძველებ,
გულში ვიმალავ და ვერ ვაჩენ, თუ რა მაღელვებს,
რაღა მოვკითხო კაფეში დამჯდარ მადმუაზელებს?
სულ ერთიანად, სიცილით რომ გამოაღლევეთ.

ახლა მშვიდობით, დაგივიწყებთ როგორც თვითმკვლელი,
ბოლო თუ არა, ბოლოს წინა , ან უფრო ადრე
არ დაგეზაროთ რომ მომაწიოთ ყველა მლიქვნელი,
ისე მწარედ, რომ დამეწიონ და ცოტა გამცდნენ.

28 დეკემბერი 2014
ვენეცია

Saturday, December 27, 2014

ისე გულიანად მოდის
აღარ გაჩერდება ვიცი,
გრძნობა, სევდანარევ ბოღმის,
გულში თუთუნივით იწვის.

ისე წაიყოლებს ქარი,
ყვითლად გარინდებულ ფოთლებს,
როგორც სევდიანი ქალი,
გულში გაუმხელელ გრძნობებს.

ვენეცია
2014

Thursday, November 13, 2014

დაბადება


მე დავიბადე!, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე,
და იმ დღეს ერქვა... ისე, უბრალოდ, რომ არც კი ახსოვთ,
მე დავიღალე ფინიშამდე და ღმერთსაც ვკადრე,
რომელიც იდგა ისე შორს ჩემგან, ამავ დროს ახლოს.

მე დავიბადე!, მთებს რომ ერთხმად აშლოდათ ქარი,
როცა კაცთაგან მიტოვებულ ღმერთს და ბუნებას,
მაღალი მოთქმით დასტიროდა შავებში ქალი,
ერთხმად წყევლიდა კაცთა ასე დაძაბუნებას.

დავიბადე და წუთისოფელი თავს დამახია,
ვეღარ გაუძლო ცთუნებას და ბოლომდე მიჰყვა,
ეს დაბადებაც, არდაბადების, მსგავსი ახია,
მადლის რომ ვსუნთქავ, მტკივა, ვდარდობ ან თუნდაც მიყვარს.

ასე არყოფნა ჩემი, ყოფნამ სუნთქვით დაიწყო,
ვეძიე ქარი, ცის ლაჟვარდთა მცინარი სახე.
ყველაზე რთული მიხვედრაა რაც უნდა იყო,
და ჩემი სუნთქვის მიზეზებიც ლექსებში ვნახე.

მე განვიცადე ჩანჩქერების, მთების რისხვები,
უხრწნელ ნეშტების საფლავები თავზე მეყარა,
ვნახე კლოუნები, ცინიკები, თან ურიცხვები,
რომ ლამაზმანი მოხუც მდიდარს გადაეყარა.

ბრიყვი, სულელი, თან კი ამაყად მჯდომი თეთრ ცხენზე,
ბრძენი დაძონძილ სამოსელით, თავს რომ ითბობდა,
მდიდარ ხუცესებს როგორ ეკიდათ შვილები ფეხზე,
დაფასებული უნიჭო კი ხალხს რომ ართობდა.

მტერს შეგებებულ მოყვარესაც მოვკარი თვალი,
ღვინით ავსებულ თასებით, რომ პურობ-ლხინობდა,
არარაობის შეგრძნებისგან მოკლული თავი,
გადარჩენისგან თავის დაღწევას რომ ცდილობდა.

ვნახე სიცოცხლეც და ერთგვარი შიში სიკვდილის,
შიში ცხოვრების და ღმერთის წინ თავის მართლების.
მე კი არ მინდა გრძნობა მქონდეს, გრძნობა სირცხვილის,
რომ ვიცოცხლე და რომ მიყვადა, რას მემართლებით?

და არ მჭირდება სიცოცხლის მერე შეპირებული,
რომ ჩემი სული  დაისადგურებს მყუდრო ყოფაში...
და როგორც წიგნები სიძველისთვის გადადებული,
ყოფნა ვეძიე არყოფნაში, არყოფნა ყოფნაში.


Friday, October 10, 2014

Autumn night 

Somewhere lonely night cries,
The frayed leafs of Autumn are fallen.
Like a day of Jesus christ,
My sins are totally stolen.
Slowly flows wind in my hair,
And in the silence whispers nothing,
My hands are frozen and bare,
Completely tired of trusting.
Growing silence in my head,
It's screaming in frozen environment,
I'm familiar of the death
And waiting of it in every moment.
Somewhere lonely river's crying,
And I'm staying into fallen leafs...
Like a dusty archives,
Once we return too to our lives.

10/10/2014
Venice 

Wednesday, October 8, 2014

.......


თვალებ დახუჭულს მიწა რომ გეფერება
ქარში სულ გაგიბლანდავს თმები,
გაყინულ სივრცეში ვფიქრობ ვერაფერს და
უბრალოდ სიჩუმეში ვტკბები.

გამხმარ მიწაზე შენ ხელი ისე გიდევს,
როგორც გულთან ახლოს და უსმენ არაფერს.
კადრში გაშეშებულ უსასრულო სივრცეს
კი, სუნი აქვს შენი ოთახის დარაბის.

მე კი გულში ვიკრავ, შენს ყოველ ნატერფალ
ბალახზე ზევიდან ამოსულ ყვავილებს,
თან ვიცი, მინდვრის ბოლოს შევხვდები უფალს
და თან ისიც ვიცი, თვალს რომ ამარიდებს.

ჩემში შენთან ყოფნის სრული ნოსტალგია
გავდა ბუნებისგან შვილის დატირებას,
ყველა დაბრუნება ჩემი კოშმარია,
რადგან შენს თვალებში ვხედავ პატიებას.

ამიტომ, უბრალოდ, სიჩუმეში ვწვები,
როცა მიწა თმაზე ისე გეფერება,
ვიცი გაირბენენ ისევ მალე წლები,
თუმც ყოველი დღე უშენოდ მენანება.

3 ოტომბერი 2014
ვენეცია

Thursday, October 2, 2014

არქიფო

არქიფომ ყურძნის წვენი ჩაწურა ქვევრში,
მიწაში შეინახა წლის ნაშიერი,
მწვადი დააყოლა და რომ დარჩეს ჩვენში,
ბავშვები კი ამ დროს სახლს ყავდა მშიერი.
განა რას უჩივი? სულ მჯიღებს იკრავდა,
თან, ღვინოს ყანწებით ყლაპავდა ხარივით,
ცხვარიც შესაწირად ყოველ წელს მიჰყავდა,
იცხოვრა გულგრილად, სხვისი სტუმარივით.
მოკვდა და ისე, რომ ვერავინ გაიგო,
გულის დაწყვეტას შვილებს თუ შეამჩნევდით.
თან ჩვენი ჭირი და ვალებიც წაიღო,
არყოფნას მის ყოფნისგან ვეღარ ვარჩევდით.

2 ოქტომბერი 2014
ვენეცია