XXXXXXXXX
მორჩა, დამთავრდა! მე ვბრუდები სახლში,
სადაც არ მელიან, ალბათ არც კი ახსოვთ,
სადაც ისევ მოჰყავთ პომიდვრები ბაღში
და ცვეთენ დათბილულ წინდებს, ნაქსოვს.
სადაც ისევ სჯერათ ძველი ლეგენდების,
სამშობლოს საზღვარი კი დარუბანდზე სწვდება,
უყვართ სტალინი და სიტყვა შეგებების,
მზად აქვთ ღიმილი და ტყუილების წყება.
მორჩა, დავამთავრე! მივიჩქარი სახლში,
სადაც არ მელიან, მაგრამ მაინც მჯერა...
სადაც ადვილია გქონდეს მუდამ ვახში,
სადაც სადღეგრძელოს ძალა აქვს ჯერაც
სადაც თავი მოაქვთ ფართე ველებით,
ცოტა შემთვრალები ცეკვავენ აჭარულს,
სადაც მიცდის დედა დაღლილი ხელებით
და ისევ ძველებურად მიცხობს ხაჭაპურს,
სადაც მიცდის მამა, ტკივილში გართული
და ძველ რადიოს აამღერებს ხმაზე,
მე მინდა კვლავ მესმოდეს სიტყვა ქართული,
სამშობლოს უღელი კი კვლავ მედგას მხარზე.
მორჩა, დავამთავრე! გულში მაინც მჯერა,
მჯერა, რომ მელიან, თუნდაც მხოლოდ სახლში,
დაე ლეგენდების კვლავ ეჯეროთ ჯერაც,
პომიდვრები კი ისევ მოჰყავდეთ სახლში.
მაისი 2015
ვენეზია
No comments:
Post a Comment