დაბადება
მე დავიბადე!, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე,
და იმ დღეს ერქვა... ისე, უბრალოდ, რომ არც კი ახსოვთ,
მე დავიღალე ფინიშამდე და ღმერთსაც ვკადრე,
რომელიც იდგა ისე შორს ჩემგან, ამავ დროს ახლოს.
მე დავიბადე!, მთებს რომ ერთხმად აშლოდათ ქარი,
როცა კაცთაგან მიტოვებულ ღმერთს და ბუნებას,
მაღალი მოთქმით დასტიროდა შავებში ქალი,
ერთხმად წყევლიდა კაცთა ასე დაძაბუნებას.
დავიბადე და წუთისოფელი თავს დამახია,
ვეღარ გაუძლო ცთუნებას და ბოლომდე მიჰყვა,
ეს დაბადებაც, არდაბადების, მსგავსი ახია,
მადლის რომ ვსუნთქავ, მტკივა, ვდარდობ ან თუნდაც მიყვარს.
ასე არყოფნა ჩემი, ყოფნამ სუნთქვით დაიწყო,
ვეძიე ქარი, ცის ლაჟვარდთა მცინარი სახე.
ყველაზე რთული მიხვედრაა რაც უნდა იყო,
და ჩემი სუნთქვის მიზეზებიც ლექსებში ვნახე.
მე განვიცადე ჩანჩქერების, მთების რისხვები,
უხრწნელ ნეშტების საფლავები თავზე მეყარა,
ვნახე კლოუნები, ცინიკები, თან ურიცხვები,
რომ ლამაზმანი მოხუც მდიდარს გადაეყარა.
ბრიყვი, სულელი, თან კი ამაყად მჯდომი თეთრ ცხენზე,
ბრძენი დაძონძილ სამოსელით, თავს რომ ითბობდა,
მდიდარ ხუცესებს როგორ ეკიდათ შვილები ფეხზე,
დაფასებული უნიჭო კი ხალხს რომ ართობდა.
მტერს შეგებებულ მოყვარესაც მოვკარი თვალი,
ღვინით ავსებულ თასებით, რომ პურობ-ლხინობდა,
არარაობის შეგრძნებისგან მოკლული თავი,
გადარჩენისგან თავის დაღწევას რომ ცდილობდა.
ვნახე სიცოცხლეც და ერთგვარი შიში სიკვდილის,
შიში ცხოვრების და ღმერთის წინ თავის მართლების.
მე კი არ მინდა გრძნობა მქონდეს, გრძნობა სირცხვილის,
რომ ვიცოცხლე და რომ მიყვადა, რას მემართლებით?
და არ მჭირდება სიცოცხლის მერე შეპირებული,
რომ ჩემი სული დაისადგურებს მყუდრო ყოფაში...
და როგორც წიგნები სიძველისთვის გადადებული,
ყოფნა ვეძიე არყოფნაში, არყოფნა ყოფნაში.
No comments:
Post a Comment