Wednesday, February 26, 2014

...........
თან მეზიზღება ყველაზე მეტად,
ის, რაც მიყვარდა, ან პატივს ვცემდი.
დავდივარ ღამე ფიქრებთან ერთად 
და რომ გავიგო ღმერთსაც გავცემდი.
თუკი, რა მინდა, იმაზე მეტი
რაც მავს, და ან კი მქონია ოდეს,
ხანდახან კი ვარ ცოტათი ყბედი, 
თუმცა სულ მინდა გულით დამქონდეს
და რომ შევიცნობ, იმედი მქონდეს.

ივლისი
2013
თბილისი

ღამისეული

უსაზღვრო ღამეში უცბად შემეცოდა,
პოეტად ჩათვლილი თავი,
უფერო გამებში ერთი მეცნო და 
შენს პორტრეტს შებვავლე თვალი.
უნიჭო მხატვრის პალიტრას მოვგავდი, 
ფერს რომ დაასვამს ფერზე,
რომში რომ მეცხოვრა, კეისარს მოვკლავდი
და ვფიქრობ ათასგვარ არაფერზე.
დილის დარაჯად დავიცადე,
კარები აისმა გამიღო
და კიდევ ერთხელ განვიცადე,
რომ არაფერი არ იყო.

იანვარი 
2013
თბილისი

            .......

აქედან შორია წყალი,
ან კი როგორ მივწვდე მას?
შარაზე შემომხვდა ქალი,
ქალი გაზაფხულს გავს.

აქედან შენამდე შორია,
ვერც კი შეგავლებ თვალს.
––ასპინძის მერე თორია, –
მივყვები სოფლის გზას.

აქედან მიწამდეც შორია,
აქედან არაფერს გავს!
ვიცი არაფერი მქონია,
ფიქრი არ მანებებს თავს.

სიცოცხლემდე ხომ შორია,
და თანაც ცუდად ჩანს,
––ადამიანი ხომ ღორია,
დაეხარბება წამს.

აღარაფერი მაკვირვებს,
აღარაფერი მწამს,
ცხოვრებას არ ვიმარტივებ
გული მიდუღს და მწვავს.

შენამდე მოსვლა რა იყო?!
ვერ დავაძალე თავს.
ცისკარი ორად გაიყო
მთვარეს ღრუბლებში წნავს.

––აქედან ისე შორია
ვერც კი შეავლებ თვალს. –
ასპინძის მერე თორია
მივყვები სოფლის გზას.

3 მარტი 2012
თბილისი


Monday, February 24, 2014

აღარც კი მახსოვს როდის იყო

ისევ აფრინდება შაშვი,
ალბათ გადაივლის ჯაგებს,
ხელებ გაშვერილი ბავშვი,
თოვლზე ფიანდაზებს აგებს.
ხეზე მოკანკალე ჩიტი
კენკავს დაკენტებულ ვაშლებს,
ნახე; ზამთარია მშვიდი,
თოვლიც უფრო დიდხანს გაძლებს.
მამა აგიზგიზებს ბუხარს,
კატა აფახულებს თვალებს,
დედი მოწყენილი ნუ ხარ
მალე ეშველება ვალებს.
ისევ ამინდია ძველი,
როგორც წინა წლებში იყო,
ბავშვის ბავშვობაა ძნელი
ბრიყვი, ბრიყვად რჩება ბრიყვო!
აჰა აფრინდება შაშვი,
ალბათ გადაივლის ჯაგებს,
ხიდან დაცვივდება ვაშლი,
თოვლიც უფრო დიდხანს გაძლებს

25 თებერვალი 2014
ვენეცია

ლაგოდეხს


შენ კი ალბათ არც კი იცი, რისთვის გკითხავ,
არ გინახავს ჩანჩქერები ნინოს გორის,
ლაგოდეხელ ლამაზმანებს განიკითხავ
რომ არ იცი მოდგმისა ხარ, ვისი გორის.

შენ არ იცი მთაში ჯიხვის შეჩეხება
შავკლდეებზე შამილასთან ნაუბარი,
მწვერვალებზე მდედრებივით რომ გეხება
ნისლაყრილი უნაგირას ზემობარი.

შენ არ იცი ხევ–ხუვების მთაში დენა,
მყვირალობას მიწვეული ქორ–ირმები,
ბილიკებზე ლამაზების კვალს მიდევნა,
თმები რომ აქვთ ჩანჩქერების ნაირები.

შენ არ იცი გადმოხედვა ბუტოს მთიდან,
ალაზანის რქებ აშლილი ვენახები,
მწიფე–მწიფე ვარსკვლავების კრეფა ციდან
და ატმები თვით ღმერთების შენაქები.

ეხლა მინდა გესაუბრო დიდი რიდით
რადგან სისხლმა მაჭრივით დაიდუღა,
და სანამდის ამ ყველაფერს აგიხსნიდით
გულმა გული საგულემდე გაიგულა.

მეც მოვრჩები, ბევრს არ გეტყვი, არ შეგაწყენ,
გაიფანტე გონებაში ნისლის ფერი.
ღმერთო შენი შემხედვარე რა მომაწყენს
შენი მთები არის ჩემი ყველაფერი.

24 თებერვალი 2014
ვენეცია

Sunday, February 23, 2014

I'm a Shaman inspired by the souls,
walking through forest, alone through fallen leaves
and wind shakes my heart, I Only hear sounds
sounds of nature. I'm back to live.
I'm back to live with this homeless winds,
speak with waterfalls and trees.
speak with imaginary souls, cause I'm blind
speak with mad rain brings me a peace.
I'm a Shaman and aspiring to live
Walk through fallen leaves, smoke tobacco to see,
how wind shakes my soul and then leave,
to become spirit of oceans and sea.
I'm Shaman to become rumbling soul,
wind, rain, tree, or even stone.

Monday, February 17, 2014

წვიმის მორალი

მხოლოდ ძაღლები გვემეტება გარეთ გასაყრელად,
ახლა წვიმაა, იქნებ დაგასველოს შენც რომ გახვიდე,
ამინდი კი არა ცოლია ადვილად გულის ასაყრელად,
რომ მიაფურთხო ყველაფერს და კვლავ შორს წახვიდე.
წვიმაა. წვიმა და ისე აშალა გულში დარდები,
წვიმაა და ხატავს გარემოს, ზამთარში ჩაძინებულს,
რას დუმხართ! აიყარეთ ყველამ თქვენი ჩადრები,
ღმერთო.. ოდესმე თუ გიხილავთ გამოფხიზლებულს.
წვიმაა. და სულელივით არ ასვენებს ჩემს დამცხრალ ფანჯრებს,
და ალბათ თბილისშიც მტკვარი არია, ისევ დაათრო,
ვისი ბრალია, ცაში ღრუბლებს რომ ვეღარ ამჩნევთ?
წუთისოფელმა ჩემდა გვარად, თქვენც ისე გაგართოდ.
ისე მოგარგოთ ნიღბები, რომ აღარ გცალიათ,
რადგან ჩვენს ნაცვლად აჩრდილები სტირიან მხოლოდ,
ზეცის მაგივრად ასფალტებმა გაგიცალიათ,
და გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! ბოლოსდაბოლოს.

გუშინ ღამემდე ვსაუბრობდით, ვის როგორ უნდა,
ან კი როგორ მოიკლავდა თავს, ჟამი რომ დადგეს.
ყველამ თავისი მოიგონა და რა თქმა უნდა,
არც ერთს არ უნდა ტკივილით, რომ ტკივილს გასცდეს.
გუშინაც წვიმა იყო და ფანჯრებსაც ტყავი გააძრო,
ყველა სუიციდი ისედაც ხომ შიშის ბრალია,
შენ ბოლო წამიც არ გინდა, რომ სიცოცხლე იგრძნო,
რადგან ტკივილმა შენი შიში შიშით დალია.
შენ კი ძაღლები გემეტება გარეთ გასაყრელად,
ახლა წვიმაა, იქნებ დაგასველოს შენც რომ გახვიდე,
ამინდი კი არა ცოლია ადვილად გულის ასაყრელად,
რომ მიაფურთხო ყველაფერს და კვლავ შორს წახვიდე.

17 თებერვალი 2014
უდინე

Monday, February 10, 2014

ჩავყვები ნაადრევად დაცლილ უბნებს,
სადაც ღამემაც სული დალია.
მხოლოდ ბავშვები ხატავენ ღრუბლებს
დიდებს მაგისთვის აღარ გვცალია.
მხოლოდ ბავშვები კოცნიან ისე,
როგორც არასდროს არ გვიკოცნია,
რადგან დიდები ისევ და ისევ
წუთისოფელმა აგვიყოლია.
ალბათ ჩავივლი კვლავ ნაცნობ უბნებს
ღამეს გავყვები, სხვა გზა არა მაქვს,
მხოლოდ ბავშვები ხედავენ ღრუბლებს,
დიდებს მაგის დრო უკვე აღარ გვაქვს.

10 თებერვალი 2014
ვენეცია

Sunday, February 9, 2014

არეული გუმანისა

ვის რა ჯანდაბათ უნდა ლექსები
ყველა წაიღეთ, სულ ყველას განდობთ
ათასი დოგმა, ყველგან წესები
ფანატიკოსი მშვიდად რომ გამცნობს.
ბევრი დავკარგე, ეხლა კი ვიმკი
განა მარტო მე, ყველა ჩვენგანმა
და რასაც ვთესავ იმას ვერ ვიმკი,
რა ცაში ვეძებ სიყვარულს განა?
ასე ძნელია გქონდეს სინდისი?
რა საძრახია უვლიდე ყანას,
საფლავები რომ არის შინდისში,
საფლავები რომ არის კრწანისში,
საფლავები რომ არის კოჯორში,
ის მირჩევნია მე მთელს ქვეყანას.
აქ კი ათასი ფლიდი და სნობი
თავდაჯერებით გამცნობს სიმართლეს,
ზოგი უცხო და ბევრი ნაცნობი,
ყველა მეორე თავს რომ იმართლებს,
გამარღვევინეთ მაგიური რკალი
სანამ დროა და სინდისი მოგვდგამს,
ან წადით ყველამ თავები მოიკალით,
სანამ შეარცხვენთ საკუთარ მოდგმას.
რაღა ჯანდაბად ვწერო ლექსები,
ყველა წაიღეთ, სულ ყველას განდობთ,
ყველგან დოგმა და ყველგან წესები,
ფანატიკოსი მშვიდად რომ გამცნობს.

9 თებერვალი 2014
ვენეცია







Thursday, February 6, 2014

..........
ცრემლებს ვყიდი ჩალის ფასად.
თუნდაც გაგიცვლით სარჩოში.
ნამუსს გამოვიტან ნისიად და
გულსაც ჩავისვამ ჩარჩოში.
მალე დაფასდება ერთი ასად,
რაც დღეს არც გაგიგონია.
საფლავი მომიზომეს, კარგ ფასად,
მეტი არც თავიდან მქონია.
ასე პატივნაცემს რაღა მიჭირს,
უკვე, ყელამდე ვარ თავზე შემოვლებით.
და სანამ სტრიქონი და ენა მიჭრის
ჯერ არ ეცადოთ, ჯერ ვერ მომერევით.

6 თებერვალი 2014
ვენეცია

Tuesday, February 4, 2014

წამყევი

რისი გეშინია წამოდი გამყევი,
მერე რა წვიმამ თუ დაგვასველოს.
რაა რომ პოეზიას გადავყვებით,
ლესები უმღეროთ საქართველოს.
წამოდი. წავიდეთ, ლაბას მოვეფეროთ,
მინდვრები გადავთელოთ უკვალავი,
მარილზე აღზევნამდე გავიყოლოთ ,
ვითვალოთ გვირილები უთვალავი.
წამოდი იქ ვიყოთ, სადაც არ არიან,
სადაც მაღალია სიყვარულის განცდა,
წამოდი შენმა სურვილმა გადამრია,
წამოდი აღარ მინდა ქალო დაცდა.

4 თებერვალი 2014
ვენეცია





Monday, February 3, 2014

იდიოტიზმი, მამიდან შვილზე თუ არ გადადის,
ქვეყანა გვინდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.
..ჰაჰა როგორი სისულელე ...

ამისთანას ბოდიალი ნეტავ როგორ არ გვწყინდება?
ცოტა ხანიც დავაცადოთ, "ივერია გაბრწყინდება".
...ნამდვილად ჩემო ლელე....

Saturday, February 1, 2014

         .................

განა არაფერი არ მომხდარა?
განა არაფერი არ ყოფილა?
გული სხეულიდან ამომხტარა,
ფანჯრებზე გაზაფხული გადმოფინა.
განა გვიცხოვრია ერთი წამით?
განა ყველაფერმა ჩაიარა!
სხეულიც დაგვითმია ერთი ღამით,
ძარღვებში სიცივემ დაიარა.
ცოდვები ავიკიდეთ გუდებივით,
ტაძრებში შესაწირად დავატარებთ,
საგულეს გული გვიცემს გულებივით,
სულები დეპოზიტად ჩავაბარეთ.
დღეებმა წამებივით გაირბინა
და დილით დასაკლავი ქათამივით,
ერთი საბოლოოდ დაიგმინა.
ხვალისთვის გადავდეთ წამალივით,
ის რაც დღეს მწარედ დაგვეზარა,
თავებს ვაპატიეთ უვიცობა ,
გულში სიამაყე გაგვეზარდა.
"ხვალე გავაკეთებ, ხომ მიცნობ და"..
მსგავსი სისულელით ვიფარგლებით
თვალებში სიცივე გაირინდა
ღიმილმა მიგვატოვა, გამალებით
ცივი ზამთარივით გაგვიფრინდა.
ყოველ დღე ათასი ემატება,
ფურცლები აღარ დარჩა აღსაწერად,
რა ვქნა ლექსები არ მემეტება,
მსგავსი სისულელის დასაწერად.

1 თებერვალი 2014
ვენეცია





შადი ხადადს 

შადივ გახელება როგორი გცოდნია,
წამოდი ეს ღამეც გავათიოთ,
ცისკართან ფარდები ჩამოვხიოთ,
მთვარეს ვუმღეროთ სიმფონია.
შადივ გახელება როგორი გვცოდნია
სიმთვრალით შევაშინოთ მთები განაბული,
გავხედნოთ იაბო, ფლოქვები არაბული
წინაპრის მიწაზე რომ გონია.
წამოდი შადი ბოლომდე გავხელდეთ
და ბოლო სასმისად შევსვათ აისები.
სანამ სიკვდილით ბოლომდე ავივსებით
ვთქვათ რომ ცხენები ერთხელ ჩვენც გავხედნეთ.

01 თებერვალი 2014
ვენეცია