Tuesday, May 12, 2015

XXXXXXXXX

მორჩა, დამთავრდა! მე ვბრუდები სახლში,
სადაც არ მელიან, ალბათ არც კი ახსოვთ,
სადაც ისევ მოჰყავთ პომიდვრები ბაღში
და ცვეთენ დათბილულ წინდებს, ნაქსოვს.
სადაც ისევ სჯერათ ძველი ლეგენდების,
სამშობლოს საზღვარი კი დარუბანდზე სწვდება,
უყვართ სტალინი და სიტყვა შეგებების,
მზად აქვთ ღიმილი და ტყუილების წყება.
მორჩა, დავამთავრე! მივიჩქარი სახლში,
სადაც არ მელიან, მაგრამ მაინც მჯერა...
სადაც ადვილია გქონდეს მუდამ ვახში,
სადაც სადღეგრძელოს ძალა აქვს ჯერაც
სადაც თავი მოაქვთ ფართე ველებით,
ცოტა შემთვრალები ცეკვავენ აჭარულს,
სადაც მიცდის დედა დაღლილი ხელებით
და ისევ ძველებურად მიცხობს ხაჭაპურს,
სადაც მიცდის მამა, ტკივილში გართული
და ძველ რადიოს აამღერებს ხმაზე,
მე მინდა კვლავ მესმოდეს სიტყვა ქართული,
სამშობლოს უღელი კი კვლავ მედგას მხარზე.
მორჩა, დავამთავრე! გულში მაინც მჯერა,
მჯერა, რომ მელიან, თუნდაც მხოლოდ სახლში,
დაე ლეგენდების კვლავ ეჯეროთ ჯერაც,
პომიდვრები კი ისევ მოჰყავდეთ სახლში.

მაისი 2015
ვენეზია

მაისი

მაშინ, როდესაც დგება მისი
მე სულ ვიხსენებ მხოლოდ ტიციანს,
და ვგრძნობ ბათუმის ლურჯი დაისი,
პალმის ქოლგები როგორ მიცდიან.

მოგონებები რომ არ დავკარგო
მაისის ლურჯი დაისის დარი,
ვიხსენებ, როგორ ვცეკვავდით ტანგოს...
არ განმიცდია გრძნობა ამგვარი.

ტალღა არ თმობდა ეულ ნაპირებს,
ღამე ქელავდა ქალაქის მნათობს,
მთვარე მოჰგავდა მშიერ ვამპირებს
მხოლოდ მაისის სისხლი რომ ათბობთ.

ახლა იწვიან მოგონებები,
უკანასკნელი იმედის მოდგმა.
და როგორც წვიმის ანგელოზები,
აივნებიდან თეთრად გადმოდგა.

დღეს ამ საღამოს ლურჯი დაისი,
ნაპირებს თეთრი ტალღებით ჩემობს...
დგას უხმო, წყნარი, თბილი მაისი
"და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ".

მაისი 2015 
ვენეცია
ჯავახეთი

მზეს აუშლია წარბები,
სხივით მწვერვალებს ეხება,
ისეთი ლამაზი არის
დაგენანება შეხედვა.
გადუფენია ფარდები
თეთრი, თოვლიან ფერდობზე,
მარტო დასტოვა ბავშვები
მიფიცხებულნი ერდოზე.
გაშეშებული სიჩუმე
ჰორიზონტს მედგრად აწვება,
მდუმარე მეფაიტონე
ამაღამ მზესთან დაწვება.
ზეცას აჭრილი ოცნება
დილამდე გასატანია,
მაგ შენს თვალებთან ძვირფასო
ტყვია რა მოსატანია,
ბოლომდე ჩემთან იქნება
ამ თოვლის შარავანდედში,
სიკვდილი ვარდი არ არის,
თვითონ ვარდია ვარდებში.
ეგ შენი სხივი ძვირფასო,
თითქოს მწვერვალებს ეხება,
ისეთი ლამაზი არის
დაგენანება შეხედვა.

მაისი 2015
ვენეცია