Sunday, April 27, 2014

.....

არ მეყოფა ცარიელი აივნები,
ყველა ფერი გაზაფხულის გაცვდა,
არ მეგონა, თუ ოდესმე მოგაგნებდი,
ეს ცხოვრება ისე სწრაფად გამცდა.
არ მეყოფა მაგ ტუჩების ასჯერ კოცნა.
ეგ ღაწვები, ალეწილი ალუბლები,
მინდა ჩავწნა, აღარ მინდა ქალო მოცდა
და ალერსით არასოდეს დავიღლები.
არ მეყოფა, მე სიკვდილიც არ მეყოფა,
არც სიცოცხლე ასი ბრძენის ნაუბარი,
ამ სამყაროს ღმერთსაც კი არ გავუყოფ და
შენს თვალებზე ზედმეტია საუბარი.
ყველა ღამე ერთიანად გაირინდა,
და მაწუხებს ცარიელი აივნები,
თუ სიცოცხლე ასე მალე გამიფრინდა,
სიკვდილისთვის ერთი ლუკმაც არ ვიქნები.
ყველა ფერი გაზაფხულის მალე გაცვდა,
აღარ მყოფნის მაგ ღაწვების ალუბლები.
თუ ცხოვრება ასე მალე, სწრაფად გამცდა,
მაგ ტუჩების კოცნით მაინც დავიღლები.

27 აპრილი 2014
ვენეცია

No comments:

Post a Comment