Wednesday, November 20, 2013

თოვლის სუნი დგას გარეთ

თოვლის სუნი დგას გარეთ...
ცა იზმორება ფიქრში...
ჩემი სიზმრები განდე,
შემოგაპარე ძილში.

დღეს ყველა ერთად ღელავს
ზეცა, მიწა და მთვარე,
ხალხით თეთრ ფიფქებს თელავს
ზეცაში ღმერთი მთვლემარე.

ასე არ მახსოვს კიდევ
ღამე ნაზი, თან ურჩი.
მძინარეს თვალი გკიდე
მთვარე ჩაგეკრა გულში.

ქალაქს კი ნაზად ათოვს,
თეთრად ფიფქების სევდა,
მე ყველაფერი მახსოვს,
თუმც აღარაფრის მჯერა

და თოვლის სუნს ვგრძნობ, ცაში
ვხედავ ფიფქების ცვენას,
მთვარე ჩავარდა ზღვაში
ვერ შეეჩვია ფრენას.

თოვლის სუნი აქვთ ფარდებს,
შენს თმებში ჩაწნულ ბალიშს,
შიშისგან ნაბავ თვალებს
და ეგუები წადილს,

რადგანაც მგლების ხროვა
მთვარეს ზღვაშიც კი მისდევს,
სანამ აისიც ამოვა
დრო წინ დიდია კიდევ.

და სანამ ზეცა ჩამოვა
ფიფქების ვალსად დაბლა,
აქ ყველაფერი გამოვა,
მხოლოდ მომენდე ახლა.

თოვლის სუნს მიწა ადნობს,
ცა იზმორება ფიქრში,
მე შენ ჩემს სიზმრებს განდობ,
შემოგაპარებ ძილში.

არ გადაიღებს თოვა...
მხოლოდ მომენდე ახლა,
სანამდის ზეცა ჩამოვა
ფიფქების ვალსად დაბლა.

18 ნოემბერი 2013
ვენეცია 

No comments:

Post a Comment