Wednesday, November 20, 2013

             .........
მისტირი წუთისოფელს, რომელიც გეღირსა,
როცა იყავი ალბათ ჩემხელა.
მე აღარ ვიცი გონებაში რა ჩაგინერგეს,
მაგრამ ერთხელაც, საბოლოოდ
მისტირი აღმაფრენას განვლილი წლების,
35 მანეთად რუსეთში გადაფრენას 
და მრუში ქალების ალერსად დანთხევას.

აღარ მეცინება, უფრო ბოღმა მახრჩობს
ოდესმე ცვლილება ხომ უნდა გვეღირსოს?!
იქნებ ეს ყოფილა ბედი ჩვენი ერის,
აღმაფრენილი მრავალჟამიერის.
გათელილ თაობების ცოდვა გულზე მაწევს, 
ჩაკლული ვნებების აკვანს, რომ არწევს.
შენ კი მისტირი ძველ აღმაფრენას,
35 მანეთად რუსეთში გადაფრენას.

მისტირი შეშინებულ პოეტთა სიტყვას,
დახოცილ მწერლებს, აყრილ ქალაქებს
და ალბათ აქვე უნდა ითქვას
ორმოში ჩაყრილი გვამების სუნი
დღესაც, რომ იგრძნობა 
ქალაქის ჩამპალ სინამდვილეში.
და ერთ დროს ასე ნანატრი ძმობა 
ისე გაიყიდა, ისე გაიცვალა,
მუცელში ჩაირტყავდა დანას დავით მეფე
ჩვენთვის რომ მოეცალა.

შენ კი სინანული შემოგრჩა გულში
რუსეთის ბაღების,
ღამენათევი, მყრალი არყის სუნში
კვნესა არღნების.
ასე მისტირი ძველ აღმაფრენას
35 მანეთად რუსეთში გადაფრენას.

მეც შეგახსენე რა რაღაც ძველებური,
ყავლ გასული და არა ჩვენებური,
ღრმად მიკარგული, უკვე ძველი ციკლის,
თუმცა ახალი ძველს ყოველთვის იმკის,
ძველი ხომ ახალში თავს ყოველთვის იჩენს...
გუშინდელიც რომ აღარ გვახსოვს
ბომბები თავზე რომ ეყარათ ბიჭებს.
დღეს კი გუშინდელი, უკვე მტრადყოფილი,
გახდა ძმობილი, მტერი ყოფილი,
რადგა მისტირი ძველ აღმაფრენას,
35 მანეთად რუსეთში გადაფრენას.
თოვლის სუნი დგას გარეთ

თოვლის სუნი დგას გარეთ...
ცა იზმორება ფიქრში...
ჩემი სიზმრები განდე,
შემოგაპარე ძილში.

დღეს ყველა ერთად ღელავს
ზეცა, მიწა და მთვარე,
ხალხით თეთრ ფიფქებს თელავს
ზეცაში ღმერთი მთვლემარე.

ასე არ მახსოვს კიდევ
ღამე ნაზი, თან ურჩი.
მძინარეს თვალი გკიდე
მთვარე ჩაგეკრა გულში.

ქალაქს კი ნაზად ათოვს,
თეთრად ფიფქების სევდა,
მე ყველაფერი მახსოვს,
თუმც აღარაფრის მჯერა

და თოვლის სუნს ვგრძნობ, ცაში
ვხედავ ფიფქების ცვენას,
მთვარე ჩავარდა ზღვაში
ვერ შეეჩვია ფრენას.

თოვლის სუნი აქვთ ფარდებს,
შენს თმებში ჩაწნულ ბალიშს,
შიშისგან ნაბავ თვალებს
და ეგუები წადილს,

რადგანაც მგლების ხროვა
მთვარეს ზღვაშიც კი მისდევს,
სანამ აისიც ამოვა
დრო წინ დიდია კიდევ.

და სანამ ზეცა ჩამოვა
ფიფქების ვალსად დაბლა,
აქ ყველაფერი გამოვა,
მხოლოდ მომენდე ახლა.

თოვლის სუნს მიწა ადნობს,
ცა იზმორება ფიქრში,
მე შენ ჩემს სიზმრებს განდობ,
შემოგაპარებ ძილში.

არ გადაიღებს თოვა...
მხოლოდ მომენდე ახლა,
სანამდის ზეცა ჩამოვა
ფიფქების ვალსად დაბლა.

18 ნოემბერი 2013
ვენეცია 
            ...
რა გითხრათ, ან კი რით მიგახვედროთ?
მზის ხილვით ოფლი გადასდის ურდოს....
მინდა, რომ გული ამოვახველო,
რომ შენი ხილვით არ გავიგუდო.

მთის მწვერვალს ნისლი გადაჰფენია,
მთა წყნარია და არაფერს ითხოვს,
ეხლა ეს გრძნობაც არაფერია
და არაფერი მაწუხებს თითქოს.

გადავიხვეწო მე უნდა მთებში,
ვერ ვეგუები ქალაქში ვერხვებს,
გაინულ წყაროს იქ შევსვამ პეშვით
და ტყვიას გულში გავარტყამ ბერხენს,

რქების ხრჭიალით კლდეს გადმოთელავს
გაირინდება შიშისგან ჯოგი,
ნადირთ ქალღმერთი თუ გადამთელავს
არ დალეულა აქ მჯობზე მჯობი.

ეს სიველურე ვიცი არ გხიბლავს,
სხვა სიცოცხლისთვის შენ ხარ შექმნილი,
მთის მწვერვალიდან ვუყურებ დილას
გარინდებული, მზისგან რქენილი.

და ვდგავარ, როგორც ნადირთ უფალი...
აღარაფერი მაწუხებს, თითქოს,
ამ არაფრისგან თავისუფალი,
ეს არაფერიც ყველაფერს ითხოვს.

იანვარი 2012
თბილისი

ტიციანის დემონები


თითქოს განვლილ წლებს ვემონები,
დრომ სიჭაბუკე გაქნა,
დამსდევენ ტიციანის დემონები
და აღარ ვიცი რა ვქნა!

წლებმა ოცნებებთან ერთად
გადამისროლა ზღვაში,
მიმაჩნდი ერთად–ერთად
და დავფრინავდი ცაში.

მაგრამ შენამდე ვერ მოვედი
თავზე ჩამომექცა ზეცა,
მჭამენ საკუთარი დემონები
და წამი ხელიდან გამექცა.

დრომაც თავისი გაიტანა,
სიგიჟემ არია ღამე,
უაზროდ შიშმა ამიტანა
და ღამე ძალზე დავღალე.

ვაი, რომ შენამდე ვერ მოვედი
თუმც კი სურვილმა ამიტანა,
მკლავენ ტიციანის დემონები
და დრომაც თავისი გაიტანა.

6 მარტი 2013
დედოფლის წყარო